დაპირისპირება დმანისში

სუს-ი დმანისში დაპირისპირებაზე: რეაგირება იყო სათანადო, დაკავებულია რამდენიმე პირი

დმანისი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, თქმით, დმანისში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული. 

"რეაგირება იყო სათანადო. მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება. ჯგუფებთან მუშაობდა როგორც შსს, ისე სუსი. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა.

თუ ვინმე შეეცდება ამ საყოფაცხოვრებო პირობებზე დაწყებული კონფლიქტის გადაზრდას ეთნიკურ საკითხში, მკაცრად დაისჯება, ამას არ დავუშვებთ. ხშირად კეთდება ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები. საფრთხე ყოველთვის ყველაფრის არსებობს, მაგრამ ახლა მინიმალიზებულია". – ამბობს ლილუაშვილი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაკავებულებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ. 

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

კომენტარები