ავღანეთი

3 დღით ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის შეტაკებები განახლდა

ავღანეთის უშიშროების ძალები ჰელმანდის პროვინციის ცენტრალური ქალაქის ახლოს
Sifatullah Zahid, AFP

10 მაისს ალ-ფიტრის დღესასწაულის გამო გამოცხადებული სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ავღანეთის სამხრეთ პროვინციაში, ჰელმანდში ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის დაპირისპირება განახლდა.

დღეს, 16 მაისს შეტაკებები მოხდა ჰელმანიდის ცენტრალურ ქალაქთან ახლოს. პროვინციაში ავღანეთის ჯარებსა და თალიბანს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო.

ჰელმანდის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარის, ატაულა აფღანის თქმით, შეტაკებები დღეს, 16 მაისის დილას დაიწყო და თალიბანის მებრძოლები სხვადასხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებს დაესხნენ თავს.

თალიბანის წარმომადგენელი შეტაკებების განახლებაში ავღანეთის ხელისუფლების ძალებს ადანაშაულებს.

სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება თალიბანმა წამოაყენა და მას ავღანეთის ხელისუფლება დათანხმდა. შეთანხმება ალ-ფიტრის დღესასწაულთან იყო დაკავშირებული და 13 მაისს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 13 მაისს ავღანეთის დედაქალაქში მეჩეთთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თალიბანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ჯიჰადისტ ჯგუფებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის SITE Intelligence Group-ს თანახმად, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო.

ძალადობის განახლების ფონზე, ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პარასკევს დოჰაში შეხვდნენ ერთმანეთს. დოჰაში მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სექტემბერში დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატება და შეთანხმება მიღწეული არ არის. თალიბანის თანახმად, საუბარი დღესასწაულის შემდეგ განახლდება.

აშშ-ს ჯარებმა ავღანეთიდან გასვლა ოფიციალურად უკვე დაიწყეს. 11 სექტემბრამდე აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო ძალები ქვეყანას მთლიანად დატოვებენ. გასულ წელს, აშშ-სა და თალიბანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ჯარებს ავღანეთი პირველ მაისამდე უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ჯო ბაიდენმა ჯარების გაყვანის ბოლო ვადა გადაწია, რამაც თალიბანის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო დაჯგუფება მიიჩნევს, რომ ისინი თავისუფლები არიან შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისგან - არ დაესხან თავს საერთაშორისო ჯარებს.

კომენტარები