ავღანეთი

აშშ-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ოფიციალურად დაიწყო

BBC

აშშ-ს ჯარებმა ავღანეთიდან გასვლა ოფიციალურად დაიწყეს. 11 სექტემბრამდე აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო ძალები ქვეყანას მთლიანად დატოვებენ. გასულ წელს, აშშ-სა და თალიბანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ჯარებს ავღანეთი პირველ მაისამდე უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ჯო ბაიდენმა ჯარების გაყვანის ბოლო ვადა გადაწია, რამაც თალიბანის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო დაჯგუფება ამბობს, რომ ისინი თავისუფლები არიან შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, არ დაესხან თავს საერთაშორისო ჯარებს.

Reuters-ის თანახმად, შეთანხმების გაფორმების შემდეგ თალიბანი დასავლური სამხედრო ბაზებს მოწინააღმდეგე ისლამისტური დაჯგუფებებისგან იცავდა და შეწყვიტა თავდასხმები ნატოსა და აშშ-ს სამხედრო ძალებს, თუმცა არ შეუწყვეტია თავდასხმა ავღანეთის სამხედრო ძალებსა და სამოქალაქო პირებზე.

თალიბანის წარმომადგენლის თანახმად, ჯარების გასვლის ვადის გადაწევამ, შეთანხმების "ამ პრინციპულმა დარღვევამ, გზა გაუხსნა თალიბანის მებრძოლებს, მიიღონ ყველა კონტრზომა, რომელსაც საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საჭიროდ ჩათვლიან". თუმცა, დაჯგუფების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ თალიბანის მებრძოლები დაელოდებიან ლიდერების მითითებს. 

აშშ-ს გენერალმა სკოტ მილერმა თქვა, რომ საერთაშორისო ჯარებზე თავდასხმებს მტკიცე პასუხი გაეცემოდა.

"შეცდომაში ნუ შეხვალთ, ჩვენ გვაქვს სამხედრო საშუალებები კოალიციაზე ნებისმიერი სახის თავდასხმას მტკიცე, ძალისმიერი პასუხი გავცეთ და გვაქვს სამხედრო რესურსი, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ავღანეთის უშიშროების ძალებს". - თქვა გენერალმა მილერმა Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეოში.

აშშ-ს ჯარების გაყვანის პარალელურად დაპირისპირება არ წყდება ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის. პარასკევს, 30 აპრილს ლოგარის პროვინციაში მანქანის აფეთქებას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა - 110. დაზარალებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან.

ბაიდენის თანახმად, აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გაყვანა გამართლებულია, რადგან აშშ-ს სამხედრო ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმის უზრუნველყოფისთვის, რომ ავღანეთი აღარ გახდეს ბაზა ჯიჰადისტებისთვის რომლებიც დასავლეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ამბობს, რომ სამთავრობო ძალები სრულიად საკმარისია შეიარაღებული დაჯგუფების შესაკავებლად და აშშ-სა და ნატოს ჯარების შემდეგ თალიბანს აღარ ექნება ბრძოლის მიზეზი. თუმცა ბევრი მის ოპტიმიზმს არ იზიარებს.

აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დაჯგუფებას სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაეწყო ავღანეთის ხელისუფლებასთან, თუმცა ამ დროისთვის სამშვიდობო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

კომენტარები