ეკონომიკა

აშშ-ში ინფლაცია 13 წლიან მაქსიმუმზეა – აპრილში ფასები 4.2%-ით გაიზარდა

აშშ-ში სამომხმარებლო ფასები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა, იმაზე მეტად, ვიდრე ეკონომისტები ვარაუდობდნენ, მიმდინარე წლის მარტში კი ინფლაცია 2.6% იყო. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ამერიკაში 2%-ია.

აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მარტში კი 0.6%-ით. 

აშშ-ში მეორადი მანქანების ფასი მარტთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, რამაც, შრომის დეპარტამენტის ცნობით, ინფლაციის ზრდის მესამედზე მეტი შეადგინა.

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სამომხმარებლო ფასების ზრდა საპროცენტო განაკვეთის გაზრდას შეუწყობს ხელს. ფედერალური რეზერვის (Fed) თანახმად, ინფლაციის ზრდა მხოლოდ დროებითია და კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასტაბილურდება.

Fed-ის ვიცეთავმჯდომარის, რიჩარდ კლარიდას თქმით, ასეთი ზრდა მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ეკონომიკის გახსნა ფასებს გაზრდიდა.

"ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეკონომიკის გახსნა ფასების დონეს გაზრდიდა. გარკვეული დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ მიწოდება მოთხოვნის დონეს გაუთანაბრდეს". - თქვა კლარიდამ.

მარტში აშშ-ს კონგრესმა ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. დახმარების პაკეტის მიზანია პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქება. 

 

კომენტარები