ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება, 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება და დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, რეალისტურია მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ამის შესახებ მან გადაცემაში ბიზნესპარტნიორის ოთხეული ისაუბრა.

"ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესრულდება". – თქვა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი შეფასებები და დასკვნები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ძირითადად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გათვლებთან.

"ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დასრულდა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამჟამად ფონდთან დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე, თუ რა უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი". – თქვა ფინანსთა მინისტრმა.

2021 წლის პირველი კვარტალში ეკონომიკის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომოკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წელს 4%-ის ფარგლებში იქნება.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 26 წლის წინ, 1994 წელს დაზარალდა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით შემცირდა. ეკონომიკური კლება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მაშინ საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა  

კომენტარები