ჰორმუზის სრუტე

აშშ-ს სანაპირო დაცვამ ჰორმუზის სრუტეში ირანულ გემებს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

US Navy

აშშ-ს სანაპირო დაცვის გემმა ირანის გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში აშშ-ს ფლოტის ხომალდებს მიუახლოვდნენ, გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

პენტაგონის თანახმად, ირანის რევოლუციური გვარდიის ფლოტის 13 ჩქაროსნული ნავი აშშ-ს ხომალდს 140 მეტრის რადიუსში მიუახლოვდა. ირანულმა გემებმა ტერიტორია აშშ-ს მხრიდან 30 გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ დატოვეს.

ეს, ბოლო ორი კვირის მანძილზე, რეგიონში მსგავსი შემთხვევის მეორე ინციდენტია.

პენტაგონის წარმომადგენლმა, ჯონ კირბიმ ირანული გემები აშშ-ს ხომალდების სიახლოვეს "ძალიან აგრესიულ მოქმედებაში" დაადანაშაულა. 

"ეს სახიფათოა და არაპროფესიონალურია. ასეთ მოქმედებებს შეუძლიათ, ვიღაცის დაშავებამდე და რეგიონში ნამდვილ გაუგებრობამდე მიგვიყვანონ. ეს არავის ინტერესებს არ ემსახურება". – თქვა კირბიმ.

ირანულ მხარს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ჰორმუზის სრუტე სტრატეგიული მნიშვნელობის სრუტეა, რომელიც ომანის და სპარსეთის ყურეებს აკავშირებს. ბოლო წლებში ჰორმუზის სრუტე ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს, მათ შორის აშშ-ს, შორის დაძაბულობის საგანი ხდებოდა.

აპრილში აშშ-ს ფლოტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ერთ-ერთმა გემმა მოახლოებულ ირანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებაში ირანის დაბრუნებისთვის. შეხვედრები აპრილის დასაწყისიდან იმართება. მხარეები განიხილავენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ირანის შეთანხმებაში დასაბრუნებლად. მოლაპარაკებების პროცესში განიხილება აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები და თეირანის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა, ურანის მაღალ პროცენტამდე გამდიდრება.

მას შემდეგ რაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა, ვენის მოლაპარაკებები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების პირველი დიდი მცდელობაა. ბაიდენის ადმინისტრაციას შეთანხმებაში დაბრუნება სურს. ბაიდენმა თქვა, რომ მზადაა მოხსნას ყველა სანქცია, რომელიც შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება, თუ კონკრეტულად არ განუმარტავს, რომელ სანქციებზეა საუბარი.

ირანი ბირთვული პროგრამის შემცირების და შეთანხმებაში დაბრუნების წინაპირობად აშშ-ს სანქციების მოხსნას ითხოვდა. თავის მხრივ აშშ ამბობდა, რომ სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნებოდა, თუ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას დაიწყებდა. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. 

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ლაბორატორიაში ურანის გამდიდრება დაიწყო. 2020 წლის იანვარში ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. გარდა ამისა ირანი 2021 წლის პირველ ნახევარში ამდიდრებდა ურანის ლითონს და ასევე შეცვალა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული პირობები და ვალდებულებები.

კომენტარები