დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბოლო 24 საათში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა ისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტა, 2021 წელი, 10 მაისი
The Times of Israel

ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის კონტროლირებული ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 რაკეტა ისროლეს

ისრაელმა ჰამასის მეორე ულტიმატუმიც არ შეასრულა და ღაზის სექტორიდან რაკეტების ისრაელის მიმართულებით სროლა ახლაც გრძელდება.

ისრაელმა ჰამასის თავდასხმებს საპასუხო ცეცხლის 130-ჯერ გახსნით უპასუხა. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ჰამასის რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაშავდა ისრაელის მხოლოდ 7 მოქალაქე. ისრაელის საპასუხო ცეცხლს კი ღაზის სექტორში 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამოქალაქო პირების. 

ისრაელის ქალაქების თავზე ჰამასის რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათმა გააუვნებელყო.

11 მაისის დილას, მხოლოდ ქალაქი აშქელონის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 20-მდე რაკეტა ისროლეს.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.

"დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას". – წერს საელჩო.

კომენტარები