დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის "რკინის გუმბათის" სისტემა ქალაქის თავზე ჰამასის რაკეტებს ანეიტრალებს [VIDEO]

სოციალურ ქსელ Twitter-ზე ისრაელის მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორ უვნებელყოფს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის რაკეტებს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი, ქალაქი აშქელონის თავზე.

რადიკალისტ-ფუნდამენტალისტთა და ტერორისტთა დაჯგუფება ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაისროლეს. შემთხვევა იერუსალიმში პალესტინელთა და ისრაელის პოლიციას შორის მზარდ დაძაბულობას მოჰყვა. 

Iron Dome-ი, ანუ ქართულად რკინის გუმბათი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემაა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვითი საშუალებაა. 

ისრაელმა უკვე დაიწყო საპასუხო შეტევები ჰამასის მიმართ. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცის თქმით, ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ თავდასხმებს იქამდე განაგრძობს, სანამ ხანგრძლივ და სრულყოფილ სიმშვიდეს არ აღადგენენ. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უსაფრთხოების საბჭო იკრიბებოდა. ჩავატარეთ კონსულტაციები და სიტუაციური შესაძლებლობები განვიხილეთ. მათზე დაყრდნობით დღეს თავდასხმის რამდენიმე ბრძანება დავამტკიცეთ. ეს იქნება მძიმე დარტყმები ჰამასისთვისა და დანარჩენი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ეს არის დარტყმები, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი, სრულყოფილი სიმშვიდის აღდგენის საწინდარი იქნება. ორგანიზაცია [ჰამასი] და მისი ლიდერები, პასუხს აგებენ და საზღაურს ძვირად გადაიხდიან ამ აგრესიისთვის. თავდასხმები იქამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენს დასახულ მიზნებს არ მივაღწევთ". – თქვა ბენი განცმა. 

ღაზის სექტორი არის პალესტინელთა ანკლავი, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს.

სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.

"დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას". – წერს საელჩო.

კომენტარები