დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასი ისრაელს ულტიმატუმს უყენებს, ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიის დასატოვებლად 2 სთ-ს აძლევს

დაჯგუფება ჰამასის წევრი, 2010-იანი წლები

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს დღეს მეორედ წაუყენა ულტიმატუმი

ისინი ისრაელს აფრთხილებენ, რომ თუკი 2 საათში, ისრაელის დროით 02:00-ზე უსაფრთხოების ძალები ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიას არ დატოვებენ, სარაკეტო თავდასხმების მომდევნო დიდ ტალღას დაიწყებენ. 

ეს დღეს ჰამასის მეორე ულტიმატუმია. პირველს ისრაელმა ყურადღება არ მიაქცია, რის შემდეგაც დაჯგუფებამ იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა გაუშვა, შემდეგ კი ათეულობით რაკეტა გაისროლეს ისრაელის სხვა ქალაქების მიმართულებით. 

ისრაელმა რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათის მეშვეობით მოიგერია და საპასუხო შეტევა დაიწყო.

იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელთა შეტაკება ისრაელის სამართალდამცველებთან კვლავ გრძელდება. 

პარალელურად კვლავ გრძელდება ჰამასის სარაკეტო თავდასხმები. განგაშის სიგნალი ბოლოს ქალაქ სდეროთსა და ნეთივოთში ჩაირთო.

მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა ჯიჰადმაც.

"ისრაელმა დაიწყო აგრესია იერუსალიმში. თუ ეს აგრესია არ შეწყდება, აზრი არ აქვს დიპლომატიურ მცდელობას ცეცხლის შეწყვეტის შესათანხმებლად". – ამბობენ დაჯგუფების წარმომადგენლები.

მხარეებს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა ევროკავშირმა.

სიტუაცია იერუსალიმში, შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლებამ გაამძაფრა. ამას დაერთო იერუსალიმის დღის აღნიშვნა ისრაელის მიერ, როდესაც ისინი ამ ქალაქის რამდენიმე რაიონის დაბრუნებას აღნიშნავენ. ისრაელმა იერუსალიმის რამდენიმე რაიონი 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ დაიბრუნა. მუსლიმთათვის წმინდა თვის, რამადანის დასასრულში ალ-აკსას მეჩეთი, რომელიც ისლამში რიგით მესამე უწმინდესი სალოცავია, პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირების ადგილად იქცა. 

სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.

"დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას". – წერს საელჩო.

კომენტარები