დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი საპასუხო დარტყმები ხანგრძლივ სიმშვიდეს აღადგენს

ისრაელის საპასუხო იერიში ღაზის სექტორზე, 2021 წელი, 10 მაისი
The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ თავდასხმებს იქამდე განაგრძობს, სანამ ხანგრძლივ და სრულყოფილ სიმშვიდეს არ აღადგენენ. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უსაფრთხოების საბჭო იკრიბებოდა. ჩავატარეთ კონსულტაციები და სიტუაციური შესაძლებლობები განვიხილეთ. მათზე დაყრდნობით, დღეს თავდასხმის რამდენიმე ბრძანება დავამტკიცეთ. ეს იქნება მძიმე დარტყმები ჰამასისთვისა და დანარჩენი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ეს არის დარტყმები, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი, სრულყოფილი სიმშვიდის აღდგენის საწინდარი იქნება. ორგანიზაცია [ჰამასი] და მისი ლიდერები, პასუხს აგებენ და საზღაურს ძვირად გადაიხდიან ამ აგრესიისთვის. თავდასხმები იქამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენს დასახულ მიზნებს არ მივაღწევთ". – თქვა ბენი განცმა. 

ასევე თავდაცვის მინისტრმა უარყო ჰამასის ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელის მთავრობა რელიგიურ უმცირესობებს, კერძოდ მუსლიმ პალესტინელებს ავიწროებს. 

ისრაელის საპასუხო თავდასხმაზე კომენტარი ჰამასმაც გააკეთა.

"იერუსალიმი გვიხმობდა და მას ვუპასუხეთ. თუ თქვენ განაგრძობთ [თავდასხმებს], ჩვენც გავაგრძელებთ". – თქვეს ჰამასის წარმომადგენლებმა. 

მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

"ორივე მხარეს სჭირდება დეესკალაცია, დაძაბულობის შემსუბუქება, სიტუაციის დასაწყნარებლად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა". – ამბობს ენტონი ბლინკენი. 

ასევე, ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეგვიპტე მხარეებს შორის მედიატორობას ცდილობს.

ისრაელმა, ჰამასის 8 ობიექტზე თავდასხმის შემდეგ, ავიაგამანადგურებლებით მალევე შეუტია ღაზაში მყოფ გვირაბს, რომელსაც ჰამასის წევრები თავდასხმებისთვის იყენებდნენ და სავარაუდოდ მისი ერთი ბოლო ისრაელის ტერიტორიაზე ამოდიოდა.

ისარელის რამდენიმე ქალაქში, თელ ავივში, რიშონ ლეზიონსა და რამათ განში ჰამასის მოსალოდნელი თავდასხმებისგან მოქალაქეების დასაცავად თავშესაფარი ბუნკერები გახსნეს.

სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.

"დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას". – წერს საელჩო.

 

კომენტარები