ავღანეთი

WSJ: ავღანეთიდან გამოსული აშშ-ს ჯარები, შესაძლოა, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში განთავსდეს

BBC

აშშ განიხილავს, ავღანეთიდან გამოსული ჯარები ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში განათავსოს. ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ს სურს, ავღანეთის დატოვების შემდეგ გააგრძელოს ავღანეთის მთავრობის მხარდაჭერა თალიბანის და სხვა ექსტრემისტების შეკავებაში. წყაროების თანახმად, ამ მიზნით ყველაზე შესაფერისია ჯარების განთავსება ავღანეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში, თუმცა აქ არსებული რუსეთის გავლენა და ჩინეთის ზრდადი გავლენა ართულებს ცენტრალურ აზიაში აშშ-ს ჯარების განთავსებას. 

როგორც გამოცემა წერს, ალტერნატივებად განიხილება ჯარების გადასროლა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ან რეგიონში ავიამზიდის განთავსება.

აშშ-ს ჯარებმა ავღანეთიდან გასვლა ოფიციალურად უკვე დაიწყეს. 11 სექტემბრამდე აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო ძალები ქვეყანას მთლიანად დატოვებენ. გასულ წელს, აშშ-სა და თალიბანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ჯარებს ავღანეთი პირველ მაისამდე უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ჯო ბაიდენმა ჯარების გაყვანის ბოლო ვადა გადაწია, რამაც თალიბანის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო დაჯგუფება ამბობს, რომ ისინი თავისუფლები არიან შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისგან - არ დაესხან თავს საერთაშორისო ჯარებს.

თალიბანის ძალებმა ფართომასშტაბური შეტევები განაახლეს.  გასულ დღეებში თალიბანმა დიდი თავდასხმა წამოიწყო ჰელმანდის პროვინციაზე, მაგრამ სამთავრობო ძალებმა იერიში მოიგერიეს. რამდენიმეკვირიან აქტიურ თავდასხმებსა და ძალადობის ზრდის ფონზე თალიბანმა 'იდ ალ-ფიტრის დღესასწაულის გამო სამდღიან ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადა.

კომენტარები