ევროპული საქართველო

ბოკერია: ვასაძისნაირი ფიგურების გააქტიურება გვახსენებს, რამხელა საფრთხეს ქმნის ივანიშვილი

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პუტინისტი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის მსგავსი ადამიანების გააქტიურება პოლიტიკაში, ფორმალურად მაინც, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს თავისუფლებას. 

ლევან ვასაძემ 6 მაისს პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა, სახელწოდებით ერი, რაც პუტინისტი ბიზნესმენის განმარტებით, აბრევიატურაა – ერთობა, რაობა იმედი. 

TV პირველის ეთერში საუბრისას, გიგა ბოკერიამ განმარტა, რომ ლევან ვასაძე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქამდეც იყო ჩართული. 

"თუ იმას გულისხმობს, რომ ახლა კენჭს იყრის, მისნაირებმა წინა არჩევნებზეც იყარეს კენჭი. ეს არის ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ არსებული ჯგუფები, იდეოლოგიურად ვგულისხმობ, და ქართული ოცნება ყლაპავს ხოლმე ამ ხმებს. როცა ვამბობთ, რომ ოცნება რუსულ საქმეს აკეთებს, უპირველეს ყოვლისა, ამას ვგულისხმობ – ამ განწყობებზე კაპიტალიზებას ივანიშვილი ცდილობდა სულ და ასეც აგრძელებს. ახლა რა ფორმით იქნება, ამა თუ იმ ლიდერის, ვასაძისნაირის, თუ კიდევ უფრო მსხვილი მოთამაშის მონაწილეობა არჩევნებში, ეს არ ვიცი. მე არ მიმაჩნია ეს გარდამტეხ ფაქტორად, არც უარესობისკენ და, მით უმეტეს, არც უკეთესობისკენ, მაგრამ დიახ, ამ ტიპის ფიგურების გააქტიურება ფორმალურად მაინც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას ივანიშვილის რეჟიმი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

"ეს საფრთხე რეალურია, ვასაძე როცა აქტიურობს, ეს გვახსენებს ამ საფრთხეს და ამისთვის ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული პროცესის მიმართ მოქალაქეების ნდობის გაზრდა, ამ რეჟიმის დამარცხება და შემდეგ, თავისუფალ პირობებში, რომელშიც ყველანაირი, მათ შორის, ვასაძისნაირი ადამიანები იარსებებენ, ეს ხალხი ყოველთვის უნდა იყოს პოლიტიკურად დამარცხებული სამართლიან ქვეყანაში". – ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები