ფსიქიკური ჯანმრთელობა

"სახლში ჩავიკეტე, არსად აღარ გავდიოდი, შეტევის მეშინოდა" – გიორგი ტურაშვილი OCD-ზე

ფსიქიკური ჯანმრთელობა

"სახლში ჩავიკეტე, არსად აღარ გავდიოდი, შეტევის მეშინოდა" – გიორგი ტურაშვილი OCD-ზე

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, იგივე OCD ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით მოსახლეობის 2%-ში გვხვდება - გიორგი ტურაშვილი მათ შორის ერთ-ერთია. ტაბულას მან საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო. 

ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის DSM-V-ის მიხედვით, ობსესია განმეორებად, უწყვეტად მიმდინარე ფიქრებსა და იმპულსებს გულისხმობს, რომელთა თავიდან მოშორებას ან წინააღმდეგობის გაწევასაც ინდივიდი ცდილობს. კომპულსია კი განმეორებადი ქცევებისა და ქმედებების ნაკრებია, რომელსაც ადამიანი ობსესიებთან გასამკლავებლად ან მათი მოთხოვნის შესაბამისად მიმართავს.
 
ტაბულა მკითხველს შეახსენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს ყველა ადამიანის გამოცდილება უნიკალურია და დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის განსაზღვრა მხოლოდ პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს.

რა სიმპტომებით დაგეწყოთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და რამ გაფიქრებინათ, რომ ეს იყო უბრალო აკვიატებებისგან და ფიქრებისგან განსხვავებული რამ?

სიმპტომები უცნაური იყო - კომპიუტერთან ვიჯექი და უცბად სახე გამიხურდა და თვალები ამეწვა. შემდეგ დღეებში ხელები გამიბუჟდა, მადა საერთოდ დამეკარგა, გარეთ გასვლა არ მინდოდა, მეშინოდა რომ  ან სუნთქვა შემეკვრება, ან რამე ცუდი დამემართებოდა. აკვიატებები მქონდა, როდესაც მივდიოდი სადმე და ავტობუსში ვჯდებოდი, ისევ სახლში ვბრუნდებოდი, რადგან ხალხის შიში დამეწყო და სახლში მისვლისთანავე ვმშვიდდებოდი. ეს გრძელდებოდა დიდი ხანი, მეტროში ვეღარ შევდიოდი, მეგონა რომ იქ მოვკვდები, ხშირად შევსულვარ და მაშინვე გამოვსულვარ უკან. მერე ძილის გრაფიკი ამერია, ვეღარ ვიძინებდი, მეგონა რომ დავიხრჩობოდი.

რამდენ ხანში გადაწყვიტეთ პროფესიონალთან მისვლა და რა ეტაპები გაიარეთ აქამდე? გადააწყდით დაბრკოლებებს, როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენ გარშემო?

ფსიქოთერაპევტთან ერთი წლის შემდეგ მივედი, მანამდე ჩემით ვცდილობდი მართვას მედიტაციის გზით და საკუთარი თავის დარწმუნებით, რომ კარგად ვიყავი. ყოველი პანიკის შემდეგ ჩვევა მქონდა, რომ ინტერნეტში უნდა მომეძებნა მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანი, რათა მშვიდად ვყოფილიყავი. ერთხელ მეძინა და უცბად მეგონა, რომ ვკვდებოდი, შეგრძნება მქონდა, რომ საწოლიდან ვვარდებოდი. ერთი წლის შემდეგ მაინც ვერ მივხვდი, ზუსტად რა ხდებოდა და დავნიშნე სეანსი ფსიქოთერაპევტთან. თითქმის ორი თვე ვიარე და მხოლოდ თერაპია და სხვადასხვა აქტივობების გაკეთება დამჭირდა. ექიმმა გადაწყვიტა, რომ მედიკამენტოზური ჩარევა არ მჭირდებოდა. საკუთარ თავში ბევრი დაბრკოლების გადალახვა მომიხდა, მათ შორის ჯერ იმის შეჩვევა, რომ არ ვკვდებოდი და ეს იყო ჩემი აკვიატება.

რამდენ ხანში იგრძენით გაუმჯობესების პირველი ეფექტი?

თერაპიის დაწყების შემდეგ, პირველივე თვეს ვიგრძენი გაუმჯობესება და საკუთარი თავის დაბრუნება. ამაზე დიდი შვება არასდროს მიგრძვნია.

აღმიწერეთ თქვენი ცხოვრება მანამდე, სანამ მკურნალობის შედეგად გაუმჯობესება იგრძენით და მას შემდეგ - რა შეიცვალა?

ჩემი ცხოვრება და ყოველდღიურობა, სანამ OCD-ის სიმპტომები მექნებოდა, ძაან მშვიდი და წყნარი იყო, არც კი ვიცოდი, რომ შეიძლებოდა რამე მსგავსი დამმართნოდა, სახელიც კი არ მქონდა გაგონილი.. მეგობრებთანაც დავდიოდი, სკოლაშიც აქტიური ვიყავი და ვერთობოდი კიდევაც. როდესაც პირველი შეტევა დამემართა, ძალიან შემეშინდა, გზაზე უნდა გადავსულიყავი და არ ვიცოდი, სად ვიყავი, მეშინოდა რომ ვკვდებოდი და ხალხს ვეძებდი, რათა შველა მეთხოვა. ბოლოს უკვე ჩავიკეტე სახლში, არსად არ გავდიოდი. მეშინოდა კიდევ შეტევა არ მქონოდა ან ხალხთან არ შევრცხვენილიყავი, ამის შიშიც მქონდა. ამ პრობლემის დაძლევის შემდეგ ამოვისუნთქე, საკუთარი თავი შევიყვარე, სხეულის საჭიროებების მოსმენა ვისწავლე, ჯანმრთელობა დავაფასე და ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ იმ პერიოდში. 

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც გარშემო ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანი ჰყავთ, რა არის ამ დროს საუკეთესო ქცევა(ები) გარშემომყოფებისგან?

ელაპარაკეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად იცით, რომ მოგისმენენ და გაიზიარებენ თქვენს პრობლემებს. იარეთ ბუნებაში, ივარჯიშეთ, ჯანმრთელი კვება დაიწყეთ, მედიტაციით დაკავდით - მე ძალიან დამეხმარა ეს ყველაფერი. 

ასევე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებსაც ყავთ OCD-ს მქონდე ადამიანი გარშემო, კარგად გაუგეთ მას და მოუსმინეთ. საქართველოში მენტალურ პრობლემებზე საუბარი ტაბუდადებულია და ასეთ დროს, იმ ადამიანის მოსმენა და მისი პრობლემების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ესაუბრეთ მათ ან დაკავდით იმ აქტივობებით, რომელიც ცოტა ხნით მაინც დაავიწყებთ ამ პრობლემას.

როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება პროფესიონალის დახმარების გარეშე და ამ კუთხითაც რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენ მიერ დასახელებულ სიმპტომებში, შესაძლოა, საკუთარი თავები ამოიკითხონ?

მე რომ დროულად არ მიმემართა ფსიქოთერაპევტისთვის, შეიძლება უფრო გვიან დამთავრებულიყო ეს ყველაფერი და ყველაფრისთვის დამენებებინა თავი. შეიძლება დავაგვიანე, რადგან [სიმპტომების გამოვლენიდან] ერთი წლის შემდეგ მივედი ექიმთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც დროული იყო. მიმართეთ ექიმს, არაფერია სასირცხვილო ამაში. ექიმისთვის მიმართვა და დიაგნოზის ზუსტად დასმა ყველაფერს შველის.
 

კომენტარები