ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის. ივანიშვილის პარლამენტმა იარაღის შესახებ კანონს და თანმდევ 14 კანონპროექტში შესატან ცვლილებებს მე-3 მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. შსს-ს ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში 2024 წელს დარეგისტრირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზის შესაქმნელად ვადა 2026 წლის 1 მარტამდე აქვს. იქამდე, მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს კონკრეტული ნოზოლოგიების (დაავადებების) ჩამონათვალი, რა შემთხვევაშიც, სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება, დიაგნოზი ბაზაში შეიტანოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაზის შექმნას მოქალაქეებზე სხვადასხვა ლიცენზიის და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემა-ჩამორთმევას უკავშირებს. ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჯერ კიდევ 17 მარტს, საკომიტეტო განხილვაზე საუბრობდა მოტივაციაზე, რატომაც სურდათ ერთიანი ბაზის შექმნა.
"მომსახურების სააგენტო არის ის ერთადერთი უწყება, რომელიც გასცემს იარაღზე ლიცენზიას და მართვის მოწმობებს და ერთერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელიც ამ ნებართვის გაცემას წინ უძღვის, არის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. თუ ადამიანი აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით იმ მოთხოვნებს, ეს აძლევს საშუალებას მომსახურების სააგენტოს, რომ გასცეს ერთის მხრივ მართვის მოწმობა, მეორეს მხრივ - იარაღის ნებართვა. პრაქტიკაში ეს შემდეგი ფორმით ხდება - ყველა ნებართვის გაცემის წინ ე.წ ფორმა 100, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა მოაქვს მსურველს და სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ხდება გაცემა. თუმცა, შემდგომ პერიოდში, თუ შეიცვალა ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რაიმე ტიპის სხვა მდგომარეობა აქვს, რომელიც კანონმდებლობით უკუნაჩვენებია იმ ნებართვის გაცემასთან, ამ მდგომარეობის გადამოწმების სამართლებრივი მექანიზმი და ბერკეტი არ არსებობს.
კანონში არის ჩანაწერი, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან თავად პაციენტის სურვილით შეიძლება გაიცეს ეს ინფორმაცია და მოგეხსენებათ, არცერთი ადამიანი არ არის დაინტერესებული, რომ თავისი მდგომარეობის შესახებ მიიტანოს ცნობა შესაბამის უწყებაში, რასაც თან მოჰყვება ნებართვის გაუქმება, პრაქტიკაში ეს საკმაოდ მძიმე შედეგებს იწვევს, სამწუხაროდ. გვყავს ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმგვარი ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც შეუთავსებელია იარაღის ქონასთან, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის სხვა პირებს, სხვა მოქალაქეებს, სწორედ ამიტომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, სხვა უწყებებთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც გულისხმობს, რომ შეიქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, ეს ბაზა იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ და სხვა უწყებებს, ვისაც ესაჭიროებათ ეს ინფორმაცია, მხოლოდ კონკრეტული მიზნობრიობით ექნებათ დაშვება ამ მონაცემებზე" - ამბობდა დარახველიძე.
ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის თქმით, "მიზნობრიობა" პირველ რიგში იქნება იარაღის ნებართვის მიღება-გაუქმება, ასევე, კერძო დაცვითი საქმიანობის დროს ლიცენზიის გაცემა, მართვის მოწმობის გაცემა-ჩამორთმევა. ასევე, შეფასება ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის დროს, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნებისთვის, დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნებისთვის. ამასთან, თუ პირს სურს შსს-ში დასაქმება, ბაზაში გადამოწმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგივე მოხდება სამსახურებრივი-საშტატო იარაღის გაცემისას.
"თუ გაცემულია ნებართვა/ლიცენზია და პირს აქვს ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის მის ქონას და შეუსაბამობაშია, ინფორმაცია გაიცვლება ორ სამინისტროს შორის. ინფორმაციის მიღებისთანავე მომსახურების სააგენტო აჩერებს დროებით ლიცენზიას და შეტყობინებას აგზავნის პოლიციის დანაყოფში ადგილ-სამყოფელის მიხედვით 48 საათის ვადაში. ამის შემდეგ პოლიციელი ცხადდება ადგილზე და პირს აცნობს ინფორმაციას, რომ მის მიმართ შეჩერებულია ლიცენზია, ჩამოართმევს დროებით იარაღს და აძლევს 30 დღეს, რა ვადაშიც პირმა ან უნდა გამოასწოროს ის მონაცემები ანუ ბაზიდან მოხდეს მისი ამოღება ან მეორეს მხრივ, გაასხვისოს ეს იარაღი სხვაზე. ხოლო თუ 30 დღის განმავლობაში არც იარაღს გაასხვისებს და არც ბაზიდან მოხდება მოხდება, ამ იარაღს ჩამოართმევენ კანონმდებლობით დადგენილი წესით" - ამბობს დარახველიძე.
ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის თქმით, როგორ მოხდება თითოეული პირის ბაზაში რეგისტრაცია და რა წესებს დაემორჩილება, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
"დაახლოებით, ჩვენ რა მექანიზმიც წარმოვიდგინეთ: განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით კონკრეტული ნოზოლოგიების და ასე ვთქვათ, დაავადებების ჩამონათვალი, რა შემთხვევაშიც, თუ ასეთი დიაგნოზი დაისვა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, ეს დაწესებულება ვალდებული იქნება, შეიტანოს ეს მონაცემები ბაზაში, რაზეც მერე წვდომა ექნება შესაბამის უწყებებს.
რაც შეეხება ამ ბაზიდან ამოღებას მონაცემების, ბუმებრივია, აქ შესაბამისი პროცედურები იქნება მთავრობის დადგენილებით, ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ექსპერტიზა ან სხვა დასკვნების წარმოდგენა იმისთვის, რომ ბაზიდან მოხდეს პირის ინფორმაციის ამოღება" - თქვა მან.
კომიტეტის სხდომაზე დარახველიძეს ჰკითხეს, თუ იქნება ე.წ ფორმა 100 საკმარისი ერთიანი ბაზიდან პირის მონაცემების ამოსაღებად. ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ კითხვას კონკრეტული პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ "ბაზის წარმოების წესი, მასში მონაცემების ასახვა, შემდგომი ცვლილებების შეტანა და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის დელეგირება მოხდება მთავრობის დადგენილებაზე".
"ვინაიდან ეს სრულიად ახალი სისტემაა, შეიძლება, იყოს გარკვეული ვადების მოქნილობის საკითხი, განისაზღვროს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებები, ვინც უფლებამოსილი იქნება, რომ განსხვავებული დასკვნა დადოს, იქნება ეს ექსპერტიზა თუ სხვა, ეს უკვე მთავრობის დადგენილების რეგულირების საგანს წარმოადგენს" - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ტაბულამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა კითხვით, როდის განსაზღვრავენ ნოზოლოგიებს, რომელიც ერთიან ბაზაში შევა და მოიცავს თუ არა ყველა ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სპეციალისტების შეფასებები
მიღებულ კანონმდებლობას უკვე გამოეხმაურნენ დარგის სპეციალისტები. ექიმი-ნარკოლოგის, ფედერალისტების წევრის, ზურაბ სიხარულიძის შეფასებით, მიღებული ცვლილება "ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს" და თან ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად შელახავს.
"გამოიცანით აბა, რომელ "ცივილიზებულ“ ქვეყანას აქვს ასეთი კანონი? არა, მართლა, ნუ გაგიკვირდებათ, გვაქვს კიდევ ერთი გზა, რომ ადამიანები საერთოდ დააფრთხონ ექიმებისგან. თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ. ბრავო, товарищи, ურაააა!!!" - წერს სიხარულიძე.
ექიმი-ფსიქიატრის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა - ის ადამიანს არა მკურნალობის საჭიროების მიხედვით, არამედ სტატუსის მიხედვით ამოიცნობს და აჯგუფებს.
"ანუ, თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება, რაც იწვევს სტიგმას, კონტროლს და უფლებების შეზღუდვას.
- საქართველოს მაგალითიც აქ ხვდება. თუ ადამიანს აქვს დიაგნოზი: F63.3 ტრიქოტილომანია (იწიწკნის თმას), მართვის მოწმობის გაცემაზე ექმნება კანონმდებლობასთან სერიოზული სირთულეები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობას მგზავრებისა და გზის უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანში ითვლება ყველაზე სარისკო და სენსიტიურ გადაწყვეტილებად.
საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს:
- სამხრეთ კორეაში სადაზღვევო კომპანიამ ფსიქიატრიული მონაცემები არალეგალურად გამოიყენა და ადამიანებს დაზღვევაზე უარი უთხრა.
- აშშ-ში 1950-იან წლებში ფსიქიატრიული ისტორიით შავ სიებში შეჰყავდათ ადამიანები და მუშაობის უფლებას უკრძალავდნენ.
- რუსეთში “ზედამხედველობის რეესტრში” მოხვედრა ნიშნავს პროფესიული უფლებების დაკარგვას და სახელმწიფო ზედამხედველობას.
- ბელარუსში ასეთი რეესტრი რეალურად გამოიყენება კონკრეტულ პოზიციებზე კანდიდატების გასარიცხად.
- ჩინეთში მსგავსმა სისტემამ პოლიტიკური ოპონენტები ფსიქიატრიული იძულებითი მკურნალობის ობიექტებად აქცია.
- მონაცემთა გაჟონვა მოხდა ფინეთში, სადაც 30 000 ფსიქოთერაპიული ჩანაწერი მოიპარეს და ხალხს შანტაჟით ემუქრებოდნენ.
პასუხგაუცემელი რჩება მთავარი ეთიკური კითხვა: ვინ და რა კრიტერიუმით გადაწყვეტს, რა არის “რისკი” და ვინ ჩაითვლება "საფრთხედ“? ისტორიამ არაერთხელ დაგვანახვა, რომ ასეთი რეესტრები ადვილად იქცევა პოლიტიკური, სუბიექტური ან ბიუროკრატიული დევნის იარაღად.
ევროპასა და დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს ერთი ძირითადი პრინციპი: კი - მკაცრად კონფიდენციალურ სამედიცინო ჩანაწერებს. არა - სახელმწიფო ან საჯარო იდენტიფიცირებად რეესტრს. სამედიცინო ჩანაწერებზე კი, წვდომა აქვთ მხოლოდ მკურნალ ექიმებს, მკურნალობის პროცესში ჩართულ პროფესიონალებს და თავად პაციენტს - და არა სახელმწიფო უწყებებს, დამსაქმებლებს, სასამართლოს ან პოლიტიკურ ჯგუფებს" - წერს ოკრიბელაშვილი.
ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიურ სერვისებში მიმართვიანობა დღეს ისედაც დაბალია და რეესტრის შექმნის შემდეგ საერთოდ გაქრება. მისი შეფასებით, უამრავი ადამიანი პროფესიული დახმარების გარეშე დარჩება და გაიზრდება სუიციდის სტატისტიკა.
"მსოფლიო სტატისტიკით, ე.წ. "გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები" ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს ყოველ მეოთხე ადამიანს. (ანუ, შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ადაპტაციური აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებულების მსუბუქი და საშუალო ფორმები, და ა.შ.)
კონფლიქტით/ომითა და პოლიტიკური რეპრესიებით დაზარალებულ, ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საზოგადოებებში ეს სტატისტიკა კიდე უფრო მაღალია (30% და მეტი). საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა.
რა გამოდის - რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მესამედი ექიმებმა და ფსიქოლოგებმა სახელმწიფოს სპეციალურ სიაში უნდა შეატანინონ. ეს უპრეცენდენტო მასშტაბის დისკრიმინაციაა.
მიმართვიანობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიურ სერვისებში დღეს ისედაც დაბალია და ახლა უკვე საერთოდ გაქრება; უამრავი ადამიანი პროფესიული დახმარების გარეშე დარჩება. გაიზრდება სუიციდის სტატისტიკა. რატომ გვკლავთ? ასეთი მშვიდობა გინდათ? შფოთვისა და დეპრესიის რომ გვეშინოდეს (რაც დეფინიციის თანახმად, გავრცელებული პრობლემებია!), რომ ამ ე.წ. რეესტრში არ შეგვიტანონ და არ დაგვჩაგრონ?..
რაც უფრო დაბალია ცხოვრების ხარისხი და მაღალია სოციალური დაუცველობა, მით უფრო მაღალია ფსიქიკური აშლილობების გავრცელება. რას აკეთებენ საპასუხოდ ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოები? ცდილობენ, რომ გაზარდონ სოციალური დაცვა, შექმნან დასაქმების შესაძლებლობები, დააფინანსონ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებზე ზრუნვის სათემო სერვისები, ხელი შეუწყონ მათ ინტეგრაციას.
ამის საპირისპიროდ, რას აკეთებს რუსეთი? ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა რეესტრს ადგენს, რომ მოსახლეობის დაშინებისა და ჩაგვრის კიდევ ერთი ბერკეტი შექმნას.
რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ? მივყვებით რუსულ სცენარს - ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუასაუკუნეებში კეთროვნების, სიას. როდემდე უნდა ვანგრიოთ დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველდღიური შრომით მიღწეული შედეგები? სადამდე უნდა დავეცეთ?" - წერს ჯავახიშვილი.




