ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის კრიტიკას "აბსოლუტური სპეკულაცია" უწოდა და დასძინა, რომ განსაკუთრებით არ შეიძლება, როდესაც ჯანმრთელობის თემის სპეკულაცია სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს და მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაფინანსების და დაზღვევის ფარგლებში აქვს ინფორმაცია ადამიანების საჭირობებთან დაკავშირებით.
"ამაზე კიდევ უფრო სენსიტიური თემები გროვდება სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სახელმწიფო, მათ შორის, სერვისების გაწევის დროს იღებს ბევრ ინფორმაციას, ამიტომ გვაქვს ჩვენ პერსონალურ მონაცემთან დაცვის კანონი, ამიტომ არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომელიც დაცულია.
ბევრი სენსიტიური მონაცემია, მათ შორის, ჯანმრთელობის, როდესაც პაციენტები მიდიან და სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობას იტარებენ, ეს ინფორმაციაც ხო აქვს სახელწიფოს, როცა მიმართავენ, რაღაც დაფინანსებას იღებენ, თანხმობას იღებენ დამატებით დაფინანსებაზე, ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა თუ აქვს, სხვა მხრივ პრობლემა თუ აქვს და რომ მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე, ის ჯანდაცვის სამინისტრო არ იგებს რა პრობლემები აქვს? არ აქვს ეს ინფორმაცია?
ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის თემა განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებმა გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისთვის და მათ შორის, ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები, რომლებიც პოლიტიკური მიზნისთვის იყენებენ ამ საკითხს.
კიდევ ერთხელ, სახელმწიფოს ბევრი სენსიტიური მონაცემი აქვს ზოგადად და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა მსგავსი სენსიტიური მონაცემები დაცული იყოს, მე არ მგონია, რომ დღემდე ვინმეს პრეტენზია წარედგინა რომელიმე უწყებისთვის, რომ მსგავსი კატეგორიის მონაცემები დაცული არ არის, პირიქით, ჩვენ უფრო მედიის მხრიდან ვხედავთ ხოლმე, სამწუხაროდ, პერსონალურ და მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას ხოლმე." - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის - ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი.
დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზის შესაქმნელად ვადა 2026 წლის 1 მარტამდე აქვს.





