ჩინეთი-რუსეთი

ჩინურ-რუსული დუეტი ამერიკას ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს

ჩინეთი-რუსეთი

ჩინურ-რუსული დუეტი ამერიკას ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს

რუსეთსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება შეერთებული შტატების მთავარი საგარეო გამოწვევაა. აშშ-ში ღელავენ, რომ ჩინურ-რუსული დუეტი ამერიკის დომინაციას წინ აღუდგება.

რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ყირიმში იმაზე მეტი რუსი სამხედრო ქვედანაყოფია განთავსებული, ვიდრე  2014 წელს. ამავე დროს ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ძალის დემონსტრირებას ხდენს.

წინა კვირას ჩინეთმა ტაივანის საჰაერო სივრცეში რეკორდული რაოდენობის ბომბდამშენები გაგზავნა. ბოლო წლებია, ჩინეთი სულ უფრო და უფრო აგრესიულად ავლენს სტრატეგიულ გეგმებს. ამერიკელი სამხედრო ექსპერტების აზრით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში პეკინი კუნძულ ტაივანის ძალის გამოყენებით დამორჩილებას შეეცდება.

დღეს კი სურათი ასეთია: ჩინური სამხედრო ავიაცია - ტაივანის თავზე, რუსი ჯარისკაცები - უკრაინის საზღვართან. შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ მოსკოვი და პეკინი შეთანხმებულად მოქმედებენ, თუმცა ამ ორი მოვლენის თანხვედრ შემთხვევითი არ უნდა იყოს.

სავარაუდოდ ჩინეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას აკვირდება, იმისათვის, რომ  სამომავლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესების მისაღწევად გეგმა შეიმუშაოს. იგი რუსეთის მაგალითზე სწავლობს, რამდენად ხისტად შეუძლია მოიქცეს.

ჩინეთი უნიკალური მოთამაშეა, თუმცა ჩრდილოელ მეზობელს ბევრი რამით ჰგავს. გარდა იმისა, რომ ორივე სახელმწიფო ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკური ფილოსოფიის მიმართ სკეპტიციზმით გამოირჩევა, ჩინეთიც, რუსეთის მსგავსად, არასდროს ერიდება მეზობელი ქვეყნების მიმართ ტერორსა და წნეხ გამოყენებას. შესაბამისად, გასაკვირი არ რის, რომ სი ძინფინი პრეზიდენტ პუტინს განცხადებებში საუკეთესო მეგობარსა და კოლეგასუწოდებს.

ფოტო: China Daily

 

რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა

წლების განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე რუსეთი და ჩინეთი ტაქტიკურად მოქმედებდნენ. ისინი წინ აღუდგებოდნენ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ პარტნიორებს - საფრანგეთსა და ინგლისს, რომლებიც სამხედრო ინტერვენციების საპასუხოდ სანქციების დადებას ითხოვდნენ. სირიის მოვლენებზე კენჭისყრამ ცხადყო რუსეთისა და ჩინეთის პოზიციების თანხვედრა.

ჩინურ-რუსული ურთიერთობები ახალ ფაზაში ყირიმის ანექსიის შემდეგ შევიდა. 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების კასკადი წამოვიდა. ამან რუსეთის ხელისუფლება აიძულა, ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური პარტნიორები მოეძებნა. მალევე ჩინეთთან 30-წლიანი, 400-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მილსადენების გაყვანასა და რუსული გაზით ჩინეთის მომარაგებას ითვალისწინებს. ამით ჩინეთი რუსულ გაზპრომზე დამოკიდებული გახდება.

ჩინეთს, ეკონომიკისა და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების მიუხედავად, შეიარაღების 80% კვლავ რუსეთიდან შეაქვს. მათ შორისაა სარაკეტო დამცავი სისტემა და საბრძოლო თვითმფრინავი Sukhoi Su-35.

სანაცვლოდ ტექნოლოგიური ინოვაციები რუსეთში დასავლეთის მაგიერ ჩინეთიდან შედის.

რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო კავშირი წლიდან წლამდე მტკიცდება. მაგალითად,  2018 წლის რუსულ წვრთნებში ვოსტოკ  ათასობით ჩინელმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა წვრთნებში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გარდა სხვა ქვეყანა ჩაერთო.

მოგვიანებით, 2019 წელს ჩინეთსა და რუსეთს ერთობლივი წვრთნები ჰქონდათ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ჩინეთს იაპონიასთან ტერიტორიული დავა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ამ ორ ქვეყანას ფორმალური თავდაცვის შეთანხმება არ დაუდვია, მათი ურთიერთობა ეფექტიანი კვაზიალიანსია.

ფორმალური ალიანსის გარეშეც, ჩინეთისა და რუსეთის ტაქტიკური თანამშრომლობა და დაძაბულობა უკრაინასა და ტაივანში ბაიდენის ადმინისტრაციისათვის უდიდესი გამოწვევაა.

მოსკოვისა და პეკინის ქმედებები არ მოიცავს  სამხედრო ინტერვენციას ტერიტორიებზე, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო ნაბიჯების ინტენსიურობა მაინც მოითხოვს შეერთებული შტატების მხრიდან ყურადღებას. საჭიროა იმის დაშვებაც, რომ ჩინეთისა და რუსეთის დაზვერვები შეთანხმებულად მოქმედებენ და სტრატეგიები და გეგმები კოორდინაციაში მოჰყავთ.

ინგლისურენოვან ჩინურ გამოცემა Global Times-ში, თამამად იწერება სტატიები შემდეგი სათაურებით: “ჩინურ-რუსული ურთიერთობები ღრმავდება, აშშ და მოკავშირეები კი კრახისთვის არიან განწირულები”.

იგივე გამოცემა აქვეყნებდა სტატიებს, რომლებიც სავსე იყო მუქარით იაპონიისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ: ”ჩინეთი და რუსეთი კავშირის მნიშვნელობას აცნობიერებენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ვერც ერთი ქვეყანა რეგიონში წინ ვერ აღუდგება ცალ-ცალკე ვერც რუსეთს და ვერც ჩინეთს და მით უმეტეს, ორივეს ერთად. ნებისმიერი ძალა, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ წავა ამერიკასთან ალიანსის იმედით, წარუმატებლობისთვისაა განწირული.”

ყურადღებამისაქცევია, რომ Global Times ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის მატარებელი პროპაგანდისტული გამოცემაა. ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ: “ყველაზე გავლენიანი ურთიერთობა ევრაზიის კონტინენტზე ჩინეთსა და რუსეთს აქვთ. ეს სტრატეგიული პარტნიორობა თანამშრომლობის ახალი ეტაპის მომასწავებელია.” 

ურთიერთობების გაღრმავებას არმეორე მხარე  გამორიცხავს. 2020 წლის ოქტომბერში, როცა ვლადიმრ პუტინს ჰკითხეს  ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო ალიანსის შექმნაზე, მან უპასუხა ”თეორიულად შესაძლებელია.

ფოტო: Caspian news

 

შეერთებული შტატები რუსეთ-ჩინეთის წინააღმდეგ

პრეზიდენტ ნიქსონის დროს, ამერიკის ადმინისტრაცია ჩინურ-რუსულ ურთიერთობებში ბზარის გაჩენას ცდილობდა. მსგავსი ტენდენციები ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან ისევ შეინიშნება.

მაგალითად, Foreign Policy-ს მიხედვით,  2020 წელს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, რობერტ ო’ბრაიანისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის შეხვედრაზე ო’ბრაიანმა რუსი კოლეგა ჩინეთიდან მომდინარე რისკების შესახებ გააფრთხილა. ამასთან, წყაროს თანახმად, ო’ბრაიანის მოადგილემ, მეთიუ პოტინჯერმა რუსეთის დელეგაციას ჩინეთთან ციმბირის ტერიტორიული დავა შეახსენა. ეროვნული სენტიმენტები გაამწვავა ციმბირში ჩინურენოვანი მოსახლეობის რიცხვის ზრდაზე მითითებამაც.

ვაშინგტონი რუსეთს ყურადღებას ჩინეთის მზარდ ბირთვულ არსენალზეც უმახვილებს. ჩინეთის სამხედრო და რბილი ძალა რუსეთისთვის უდავოდ შემაშფოთებელია.  ჩინეთის პროგრესისთვის ფეხის ასაწყობად, რუსული სამხედრო ძალები მოდერნიზაციის პროგრამაში ჩაერთნენ. ისინი აახლებენ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და წყალქვეშა ნავებს.

ამერიკელი პოლიტიკოსები მეორე მხრივაც ცდილობენ ჩინურ-რუსული ურთიერთობების გაუარესებას. ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი წევრების თქმით, 2019 წელს ოფიციალური პირები ჩინელ კოლეგებს რუსეთის მიერ დარღვეულ შეთანხმებაზე ყურადღების გამახვილებას ურჩევდნენ. საუბარია ცივი ომის დროინდელ შეთანხმებაზე, რომელიც საშუალო და ახლო დისტანციის ბირთვული რაკეტების განადგურებას ითვალისწინებდა. აშშ ჩინეთს არწმუნებდა, რომ პუტინი მალე წყნარ ოკეანეში საშუალო დისტანციის ბირთვულ რაკეტებს განალაგებდა.

 

შეერთებული შტატების სამომავლო გეგმები

ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან და ჩინეთთან კონკურენციას პოლიტიკური რეალიზმის კუთხით უყურებდა. მოვლენები დიდ ძალებს (Great Power) შორის შეჯიბრად აღიქმებოდა. ამერიკულ მედიაში წერენ, რომ ბაიდენი რუსეთ-ჩინეთთან დაპირისპირებას უფრო იდეოლოგიურ სახეს მისცემს. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დააანონსა ალიანსის შექმნა, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოების კავშირი იქნება ავტორიტარული ქვეყნების წინააღმდეგ. აშკარაა, ალიანსი რუსეთ-ჩინეთის დასაბალანსებლად იქმნება, თუმცა მისი ეფექტიანობა ეჭვქვეშ დგას, რადგან აშშ-ს ევროპელი მოკავშირეების უმეტესობა ჩინეთს საფრთხედ ნაკლებად აღიქვამს. ბაიდენი ამას იაზრებს. მან განაცხადა, რომ  “ჩინეთი წლების განმავლობაში ცდილობდა, აშშ-ს პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა. ჩინეთმა მოახერხა კიდეც არაერთი სახელმწიფოს დარწმუნება, რომ საერთო ინტერესები აქვთ, ამიტომ ძირითადად ჩინეთი საგარეო საფრთხედ არ აღიქმება”. პირველ რიგში, ბაიდენის მიზანი დემოკრატიულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებით საგარეო საფრთხეებზე შეთანხმებაა.

არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებისთანავე გაისმა კითხვები, მოხსნი თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩინურ საქონელზე ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს. ცნობილია, რომ შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით არ იგეგმება. ამასთან, ბაიდენის პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების წახალისება და ამ გზით აშშ-ის ბაზარზე ჩინური პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევაა.

რაც შეეხება რუსეთს, რამდენიმე თვის წინ ვაშინგტონმა და კრემლმა ბირთვული შეთანხმება NEW START 5 წლით გაახანგრძლივეს. ბაიდენი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ობამას პოზიციას იზიარებს და ამერიკის ბირთვული დოქტრინის შეცვლას უჭერს მხარს. მას სურს, ბირთვული იარაღი მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ ან შესაკავებლად გამოიყენონ და თვითონ არ იყვნენ პირველები, ვინც ბირთვულ რაკეტებს გაუშვებ. ბაიდენის იდეას სკეპტიკურად უყურებენ რესპუბლიკელები. მართალია ინიციატივა ერთი შეხედვით კეთილი ნებაა, თუმცა იმის გამო რომ ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოთა დიდი ნაწილი არადემოკრატიულია. ისინი ამგვარ დოქტრინას ამერიკის სისუსტედ ჩათვლიან და მის ბოროტად გამოყენებას ეცდებიან.

გარდა ამისა, დიდი ალბათობით აშშ-ის თავდაცვის სექტორს დაფინანსება შეუმცირდება. მიზეზი კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის ხარჯებია. მთავრობა სუბსიდიებში, სტიმულებსა და სოციალურ დახმარებებში კოლოსალური რაოდენობის თანხებს ხარჯავს. 

ახლანდელი ადმინისტრაცია მეტ მნიშვნელობას ანიჭებს NATO-სა და ევროკავშირს. პრეზიდენტი ბაიდენის თქმით, “კრემლს ძლიერი NATO აშინებს, რადგან NATO თანამედროვე ისტორიის ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია. რუსული აგრესიის საპირწონედ, აუცილებელია NATO-ს სამხედრო შესაძლებლობების ზრდა. ორგანიზაცია მრავალმხრივ უნდა განვითარდეს, მათ შორის მნიშვნელოვანია დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ მუშაობა”.

კიბერუსაფრთხოება აშშ-სთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, განსაკუთრებით 5 G-ის ინოვაციის შემდეგ. ამერიკა ცდილობს, ევროპული ქვეყნები დაარწმუნოს, რომ ახალი ტექნოლოგია ჩინური კომპანიებისგან არ შეიძინონ. აშშ პარტნიორებს ჩინეთის მიერ მონაცემების გამოყენების რისკების შესახებ აფრთხილებს და მათთან უსაფრთხოების მემორანდუმს დებს. 14 იანვარს შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება საქართველოსთანაც გააფორმა. მემორანდუმის მიხედვით, აშშ-ს მთავრობა საქართველოსთან ითანამშრომლებს, რათა ადამიანთა კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა უზრუნველყოს. მსგავსი შეთანხმებებით აშშ ეფექტიანად აბალანსებს ჩინეთს და ხელს უშლის ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სხვადასხვა სახელმწიფოების მონაცემთა ბაზები ჩინეთის უსაფრთხოების სამინისტროს ხელში აღმოჩნდეს.

 

დემოკრატიული ალიანსის გამოწვევები

თუ აშშ ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსს შექმნის, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან გამკლავება მოუწევს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აშშ-ის მოკავშირეთა უმეტესობა ჩინეთს სტრატეგიულ საფრთხედ არ აღიქვამს. მეტიც, ისინი მას ისე უყურებენ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს. მაგალითად, 2020 წლის 30 დეკემბერს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ახალი შეთანხმება - CAI (ყოვლისმომცველი შეთანხმება ინვესტიციებზე) გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ინვესტიციების ზრდას.

ფოტო: .netdna-ssl.com

ევროკავშირის გარდა, ჩინეთს საფრთხედ არც სამხრეთ კავკასია აღიქვამს. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩინეთის რბილი ძალა ეფექტიანად მუშაობს. ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად აფინანსებს არაერთ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს, რომელთა მიზანი ჩინური კულტურისა და ენის პოპულარიზაცია. ამას ემატება პროექტი “ერთი სარტყელი, ერთი გზ”, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებში ჩინური ინვესტიციები და სამუშაო ძალა მკვეთრად გაიზარდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩინეთის შესაკავებლად, ევროპული ალიანსის ეფექტიანობის იმედი აშშ-ს ნაკლებად უნდა ჰქონდეს.

თუმცა საინტერესოა აზიურ-ავსტრალიური ალიანსი. როგორც ჩანს, ბაიდენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში ე.წ ოთხეულის იმედი აქვს, რომელშიც აშშ-ს გარდა შედიან იაპონია, ინდოეთი და ავსტრალია. გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა შეიქმნას აღმოსავლური NATO და შეერთებულმა შტატებმა ასე სცადოს ჩინეთის შეკავება. ამას პეკინიც არ გამორიცხავს და აშშ-ს მოძველებული, ცივი ომის დროინდელი სტრატეგიის გამო აკრიტიკებს კიდეც. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ჩინეთი შესაძლო ალიანსში დიდ საფრთხეს ხედავს. პირველ რიგში, აზიური NATO წინ აღუდგებოდა ჩინეთის მარგალიტების ასხმას(String of Pearls), ანუ საზღვაო “ერთ სარტყელ, ერთ გზას”. პროექტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში ჩინეთის სრულ დომინაციასა და სამხედრო ბაზების დაარსების შესაძლებლობას გულისხმობს.

აღმოსავლური ალიანსის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ აშშ-ს თითოეული პარტნიორის მთავარი სავაჭრო მოკავშირე ჩინეთია. შესაბამისად, სამხედრო ალიანსის შექმნა ამ ქვეყნების ეკონომიკას დააზარალებს.

ფოტო: Sunday Guardian Live

 

რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ალიანსის გამოწვევები

მიუხედავად ჩინურ-რუსული ურთიერთობების გაღრმავებისა, ვფიქრობ, მათი ნებისმიერი ფორმალური სამხედრო ალიანსი წინასწარ განწირულია. არა იმიტომ, რომ აშშ და პარტნიორი სახელმწიფოები მას მარტივად შეაკავებენ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა ძალიან შეზღუდულია. თერიულ დონეზე, ორივე ავტორიტარული რეჟიმია, აშშ-სთან კონკურენცია და მსოფლიო დომინაცია ორივეს ინტერესში შედის. თუმცა რუსეთისა და ჩინეთის ძალები სულ უფრო არათანაბარი ხდება, შესაბამისად, მოსკოვი პეკინში პოტენციურ კონკურენტს უფრო ხედავს, ვიდრე მოკავშირეს.

ჩინეთი უფრო გლობალურია. მისი ამბიციები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას სცდება. ჩინეთის მიზანი ოკეანეთში, ცენტრალური აზიაში, ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში დომინაცია. რუსეთი კი ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გადის და გაცილებით სუსტ მეზობლებს ავიწროებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთს უნიკალური საგარეო პოლიტიკა აქვს. ის არ შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყნის რეალური პარტნიორი ან მოკავშირე. მას ყოველთვის აქვს ფარული, ან არც ისე ფარული მიზნები. ეს რუსეთშიც კარგა იციან.

გარდა ამისა, რუსეთ-ჩინეთის დაპირისპირების შესაძლო მიზეზია გავლენის არეალები. მათი ინტერესები იკვეთება რამდენიმე რეგიონში, მაგალითად, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთი ჯერ კიდევ დომინირებს,  “ერთი სარტყელი, ერთი გზის” წყალობით ჩინეთი ამ რეგიონებშიც იკრებს ძალებს.

კავკასიის მიმართ რუსეთ-ჩინეთის ინტერესი საქართველომ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. როგორც ზემოთ ვახსენე, ბაიდენს ჩინეთისა და რუსეთის დაბალანსება ძლიერი NATO-სა და ახალი აღმოსავლური ალიანსის საშუალებით სურს. თეორიულად საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისა და დემოკრატიულ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შანსი ეძლევა. თუ აშშ ევროპელ პარტნიორებს ჩინეთ-რუსეთის შეკავების აუცილებლობაში დაარწმუნებს, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შანსი მყისიერად გაიზრდება. თუ ევროატლანტიკური ალიანსი გაფართოებაზე უარს იტყვის, ალტერნატივა ახალი აღმოსავლური ალიანსია. ამერიკასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან სამხედრო თანამშრომლობა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირის მსგავსად, საქართველოსაც გაუჭირდება ჩინურ ინვესტიციებზე უარის თქმა.

ჩინურ-რუსული ალიანსის გამოწვევებს რომ დავუბრუნდეთ, აუცილებელია ცალმხრივი სავაჭრო პარტნიორობა ვახსენოთ. რუსეთისთვის ჩინეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ჩინეთისთვის კი რუსეთი 12-ეულშიც არაა. ჩინეთის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა აშშ-ა. რეალურად ევროკავშირი, იაპონია და სხვა აზიური ქვეყნები ბევრად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან ჩინეთისთვის, ვიდრე რუსეთი. მეტიც, მხოლოდ ჰოლანდიაში მას მეტი საექსპორტო საქონელი შეაქვს, ვიდრე რუსეთში. რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო საქონლის 2%-ზე ნაკლები შედის.

ზოგადად რუსეთის ეკონომიკა იტალიისაზე სუსტია. რუსეთი გლობალურად ისეთი ძლიერი და საშიში აღარ რის ის. მხოლოდ მეზობლების ჩაგვრით გამოირჩევა. ერთადერთი, რაც მას დარჩა, მსოფლიო თანამეგობრობაში შიშის დათესვაა. ამას ახერხებს კიდეც KGB-ის მეთოდებით, დეზინფორმაციითა თუ ვიჩოკით. რუსეთის გეგმა საკუთარი გაძლიერება კი არ რის, არამედ სხვების დასუსტება და სახელმწიფოებსა თუ ალიანსებში ქაოსის გაჩენა.

საპირისპიროდ, ჩინეთს დესტაბილიზაცია ხელს არ აძლევს. მისთვის პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკანასკნელი ეკონომიკურ სტაბილურობას განაპირობებს. ძლიერი ეკონომიკა კი ძლიერი ჩინეთისთვის აუცილებელია. ჩინეთი უფრო პრაგმატულია. შესაბამისად, რუსეთთან სამხედრო ალიანსის შექმნით აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობის გაფუჭება ნაკლებად სავარაუდოა.

ალიანსი რუსეთისთვისაც წამგებიანი იქნება, მით უმეტეს, თუ სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონფლიქტში ჩინეთის მხარდაჭერა დაევალება. მოსკოვი ეკონომიკურად უდიდეს ზარალს ნახავს და, ამასთან, მოუწევს, ვიეტნამთან სამხედრო კავშირები გაწყვიტოს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, დიდი შანსია, რომ ჩინეთი და რუსეთი არა სამომავლო პარტნიორები, არამედ მეტოქეები იქნებიან.

ერთი რამ ცხადია, ჩინურ-რუსული ურთიერთობები რთული და კომპლექსური იქნება. ორივეს უნდა, ზესახელმწიფო იყოს. რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ახლაც და მომავალშიც რიგ შემთხვევებში შეთანხმებულად იმოქმედებენ, თუმცა რეალური სამხედრო ალიანსი მხოლოდ იდეის დონეზე, დემოკრატიული სამყაროს დასაშინებლად იარსებებს.

საბოლოოდ რუსეთიც, ჩინეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იქნებიან, თუმცა სამხედრო კონფქლიტს სამივე თავიდან აიცილებს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბირთვული სახელმწიფოები არიან. თუმცა კონცეფცია ”თუ გსურს მშვიდობა, მოემზადე ომისთვის” ყოველთვის რელევანტური იქნება.

კომენტარები