ალექსეი ნავალნის საქმე

ვეტერანის შეურაცხყოფის საქმეზე სასამართლომ ალექსეი ნავალნის აპელაცია არ დააკმაყოფილა

ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე კოლონიიდან ვიდეო ზარით ჩაერთო. შიმშილობის შემდეგ ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენაა
მოსკოვის რაიონული სასამართლოს პრესსამსახური

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ვეტერანის შეურაცხყოფის საქმეზე ალექსეი ნავალნის აპელაცია არ დააკმაყოფილა.

ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გაუქმების თხოვნით მიმართა. თავის მხრივ, პროკურატურამ სასამართლოს სააპელაციო საჩივრის გაუქმების თხოვნით მიმართა. სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღო თავად ალექსეი ნავალნიმ. ის პროცესს ვიდეოზარით ჩაერთო, საქმის პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა და მოითხოვა, უდანაშაულოდ ეცნოთ და გაეთავისუფლებინათ. 

თებერვალში ვეტერანის შეურაცხყოფის საქმეზე სასამართლომ ალექსეი ნავალნის 850 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ნავალნიმ "გამყიდველები" და "მოღალატეები" უწოდა ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის გადაღებულ სააგიტაციო-პროპაგანდისტულ ვიდეოში. საგამოძიებო კომიტეტმა ჩათვალა, რომ ნავალნის კომენტარები მეორე მსოფლიო ომის 94 წლის ვეტერანის ღირსებას შეურაცხყოფდა.

სასამართლო პროცესზე ალექსეი ნავალნი პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოაცხადა. ალექსეი ნავალნი 31 მარტიდან 23 აპრილამდე შიმშილობდა. პოლიტიკოსი ითხოვდა, ზურგის ძლიერი ტკივილების გამო მასთან ექიმები დაეშვათ და შესაბამისი მკურნალობა ჩაეტარებინათ. ნავალნიმ შიმშილობა ექიმების რეკომენდაციის შემდეგ შეწყვიტა.

ალექსეი ნავალნი ამჟამად პოკროვის N2 კოლონიაში იმყოფება. პოლიტიკოსი სასჯელს "ივ როშეს საქმეზე" იხდის.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები