ეკონომიკა

ეკონომიკის ზრდის შემცირებული პროგნოზი, ინვესტიციების დამუხრუჭება – ADB-ს 2021 წლის ანგარიში

www.travelandleisure.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) ამცირებს. პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ხარჯზე, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი, მაშინ როდესაც 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო.   

ანგარიშში ასევე  მითითებულია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის.

"ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა." – ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება ინფლაციას, აზიის განვითარების ბანკის მიხედვით, 2021 წელს ინფლაციის 5.0%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე, მაშინ როდესაც 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ინფლაცია 4,5%-მდე, ხოლო  2021 წელს კი 3,0%-მდე უნდა შემცირებულიყო.

მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტამდე შემცირდება, 2022 წელს კი – 7 პროცენტამდე, ამის მიზეზად აზიის განვითარების ბანკი საქონლის ბალანსისა და ტურიზმი ეტაპობრივად მომატებას ასახელებს.

მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად, ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%-იან, ხოლო 2022 წელს 3.9%-იან ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, ამის მიზეზია კერძო ინვესტიციების 7.5%-ით დაკლება, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს.  

მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს — 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს — 8.9%-ით.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

2020 წლის ოქტომბერში IMF საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაშინ პროგნოზის 4.3%-მდე შემცირების მიზეზად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვის ზრდა და რეგიონში პოლიტიკური ვითარების გამწვავება დაასახელა.

IMF-ის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 5.8% იქნება, ხოლო 2023 წელს 5.5%.

მსოფლიო ბანკის თანახმად კი საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით გაიზრდება. თუმცა, გაუმჯობესების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ეკონომიკური შედეგები COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს არც თუ ისე დამაიმედებელი პროგნოზები საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე.

კომენტარები