პოლიტიკური კრიზისი

მელია: EU-ს მიერ გირაოს ჩარიცხვაზე თანხმობა გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიაზე თანხმობასაც

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, შეთავაზება, რომელიც 20 აპრილს მიიღო ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, კომბინაციაში ამნისტიაზე თანხმობასაც გულისხმობდა. 

"მე როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოს ჩარიცხვაზე თანხმობის მიცემა, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიაზე თანხმობასაც. მე რომ შემომთავაზეს ხელმოწერიდან მეორე დღეს, ანუ 20 აპრილს, ევროკავშირის გირაოს ჩაგირიცხავთ და გამოდიო, ჩემგან ითხოვდნენ, რომ გირაოს ჩარიცხვაზეც დავთანხმებულიყავი და ამნისტიაზეც. ეს კომბინაციაში იყო ყველა ეტაპზე. 

ოფიციალურად მე გირაოს ჩარიცხვაზე წინადადება მივიღე 20 აპრილს. ეს ყველაფერი გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიასაც და გირაოსაც. გირაოს ჩარიცხვასაც უნდა დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? პასუხისმგებლობა უნდა ამეღო მოძალადეების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე?" – ამბობს ნიკა მელია. 

გუშინ, 26 აპრილს, ნიკა მელიამ მზადყოფნა გამოთქვა, დათანხმდეს ევროკავშირისმიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები