აშშ-რუსეთი

კრემლის ცნობით, ბაიდენის და პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში გაიმართოს

ვლადიმირ პუტინი/ჯო ბაიდენი

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში გაიმართოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, -  თქვა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

უშაკოვის ცნობით, უკვე განიხილება "კონკრეტული თარიღები" ივნისში, თუმცა ეს თარიღები არ დაუკონკრეტებია. პუტინის თანაშემწის თქმით, შეხვედრის ჩატარების განზრახვაზე ამერიკული მხარიდან "არის სიგნალები", თუმცა სამუშაო დონეზე სამიტის განხილვა ჯერ არ მიმდინარეობს.

"ჯერ არ არის [განხილვა სამუშაო დონეზე], თუმცა სიგნალი მიღებულია, განვიხილავთ" - თქვა უშაკოვმა.

აქამდე კრემლი ამბობდა, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. საუბრიდან ორი დღის შემდეგ კი აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.

პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

გასულ თვეს  ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებს, რასაც ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და თქვა: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის".

კომენტარები