ვაქცინაცია საქართველოში

35 000 აცრილიდან მხოლოდ 5 000-ია სამედიცინო პერსონალი, ჯავშანი 4 000-ს აქვს გაკეთებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი 35 000 ადამიანიდან მხოლოდ 5 000-მდეა სამედიცინო პერსონალი.

რაც შეეხება 15 მაისამდე გაკეთებულ ჯავშნებს, აცრის მსურველი 22 000 ადამიანიდან 4 000 სამედიცინო პერსონალია.

"დაბალია [სამედიცინო პერსონალის] აქტივობა" - აღნიშნა გამყრელიძემ.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, კორონავირუსზე პირველად ყველაზე მაღალი რისკის პირები - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უნდა აცრილიყვნენ. ამ ჯგუფში 71 415 ადამიანია რეგისტრირებული, გეგმა მათი 65%-ის ( 46 420 სამედიცინო პერსონალის) აცრა იყო.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაბალი აქტივობის გამო, ვადაზე ადრე დაიწყო ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაცია. იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან 5 კვირაში აცრებში ჩართულები არიან 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პირები, ორგანოგადანერგილი პაციენტები, ასევე, საჩვენებლად აცრეს პედაგოგები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. შექმნილია სათადარიგო სიაც, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.

საქართველოს მთავრობის გეგმაა წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, 1 700 000 ადამიანის ორჯერადად აცრა. 

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ხუთ კვირაში მხოლოდ  34 897 ადამიანი აიცრა, რაც დაახლოებით, ზრდასრული მოსახლეობის 1%-ია.

კომენტარები