გოგი წულაია

22 ოპოზიციური პარტია წულაიას მიმართ სავარაუდო შერჩევით სამართალზე განცხადებას ავრცელებს

პირველი არხი

22 ოპოზიციური პარტია პოლიტიკოს გოგი წულაიას მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე განცხადებას ავრცელებს. პარტიები განცხადებაში მიუთითებენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ანალოგიურ ბრალდებებზე პრაქტიკულად არასდროს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იყენებს. 

პარტიები საუბრობენ გოგი წულაიას დაკავების წინა პერიოდზეც, როდესაც მან საჯაროდ შეაგინა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს მას შემდეგ, რაც TV პირველმა გაავრცელა სატელეფონო საუბრები, რომელშიც ბერა ივანიშვილი ახლა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს ავალებს იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც მას Facebook-ზე შეურაცხყოფას აყენებენ. თავის მხრივ, ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. 

"ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება, თუ რა ფორმით და როგორ ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ბერას მიმართ კრიტიკული, ან თუნდაც უცენზურო ტერმინების შემცველი პოსტი დაწერეს Facebook-ზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟისა და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა. 

ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის, რაც მოქალაქეებმა TV პირველის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯარო გახდა ბევრი სხვა ანალოგიური ბრალდებაც. 

ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა – ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ TV პირველიდან კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია. 

სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ საჯაროდ, სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა. 

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივნის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნითა და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე. 

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა, შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში". 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • მოძრაობა დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია                                
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან-დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • პროგრესი და თავისუფლება
  • ქართული არჩევანი
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • თავისუფალი საქართველო
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  • ემსახურე საქართველოს

6 მარტს TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. ბერა ივანიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩანაწერების ავთენტიკურობა დაადასტურა

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.


19 მარტს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა – სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გოგი წულაია 17 მარტს თავდაპირველადძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს მას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით). დანაშაული 4-დან 6-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

წულაია თავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს აგინა. გავიხსენოთ, როგორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ უახლოეს წარსულში მომხდარ მსგავს შემთხვევებზე. აღსანიშნავია, რომ განვიხილავთ არა წულაიას ბრალეულობას, არამედ მსგავს შემთხვევებზე შერჩევითი სამართლით მოქმედებას.  

ილია ჯიშკარიანი

ილია ჯიშკარიანი ყოფილმა თანაშემწემ, თამთა თოდაძემ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრს, ილია ჯიშკარიანს 2019 წელს სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თოდაძე ყვებოდა, რომ  ჯიშკარიანმა ოფისში დალია, შემდეგ კი მისი გაუპატიურება სცადა. როგორც ის იხსენებდა, მას შემდეგ, რაც გადასაღებად ტელეფონი ამოიღო, ჯიშკარიანმა ის ძირს დააგდო და ხელებითა და ფეხებით სცემა. ძალადობის მიუხედავად, თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად მხოლოდ 8 დღის შემდეგ ცნო და ჯიშკარიანს ბრალი წაუყენა. ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე პროცესი სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა, უფლებადამცველის, ბაია პატარაიას თქმით, საქმეში ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა. სასამართლომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა - ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. თოდაძის ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, შეეძლო, საქმის სრულყოფილი გამოძიებისთვის ხელი შეეშალა. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევდნენ, რომ, გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორებულიყო.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილი ყოფილმა ცოლმა, ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ბასილაშვილმა დოროყაშვილზე არასრულწლოვანი შვილის თვალწინ იძალადა და პატიმრობას ითხოვდნენ. 24 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ბასილაშვილმა საპატიმრო იმავე დღეს დატოვა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე კი  შემაკავებელი ორდერი გაიცა. ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის, ანა აბაშიძის თქმით, არსებობს კადრები, რომლითაც დგინდება, რომ ბასილაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა.   

პაპუნა უგრეხელიძე

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში 2018 წელს დაადანაშაულა. როგორც ეკა მესხიძე ყვებოდა, უგრეხელიძე თანამშრომლებს ამცირებდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. როგორც მან ტაბულასთან თქვა, უგრეხელიძემ მუქარის მესიჯი მას შემდეგ მისწერა, რაც სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ტელეფონი გაუთიშა. პაპუნა უგრეხელიძის საქმე სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებას ბრალდების შემდეგ, 26 მაისს, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა და ყოფილი თანამშრომელი შანტაჟში დაადანაშაულა. უგრეხელიძე წერდა, რომ ბრალდება "შურისძიება" იყო იმის გამო, რომ ქალის მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს. პაპუნა უგრეხელიძემ სასამართლოში "პატივისა და ღირსების შელახვისთვის" იჩივლა. უგრეხელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ორჯერ მიმართა - პირველად სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, რადგან მიიჩნია, ის არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, თუ რომელი ცნობების უარყოფა სურდა მოსარჩელეს. მეორე მიმართვის შემდეგ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მესხიძეს უგრეხელიძეზე ზოგი ცნობის უარყოფა დაავალა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შევიწროებაზე არ უმსჯელია. 

ზვიად დევდარიანი 

CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მათ შორის, 8 ადამიანმა ტაბულასთან საუბარში. დევდარიანი საპასუხო განცხადებაში წერდა, რომ ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟი იყო ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო. 22 მარტს სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა. ზვიად დევდარიანმა 12 ადამიანს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. მათ შორის იყო ტაბულაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დევდარიანს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა, განახლებულ სარჩელში ტაბულა აღარ ყოფილა. მოპასუხეებად დარჩნენ: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ ისურვეს. "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტყ..ა კაცი", "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა", "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი უკიდურესად სირია" - დევდარიანი მოპასუხეებისგან ამ და სხვა ცნობების უარყოფას ითხოვდა.

კომენტარები