ჩანაწერები

BERA: ჩანაწერშიც ისმის, რომ საუბარს ესწრებოდნენ მშობლებიც და იყო მხოლოდ გაფრთხილება

ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის თინეიჯერი და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის უბრალოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, მუქარები, ჩემი მისამართით, ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა და ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, რაღაც საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, ბავშვებს წერდნენ, რომ ჩვენ თქვენთან სახლში მოვალთ, ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს, ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, რასაც მე აქ ეთერში ვერცკი გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ, ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, მორალის თუ ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, რომ იქ ესწრებიან ამ საუბარს მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, თუ დარიგება. 

მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს – იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მაჩვენეთ ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის...

ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი სამთავრობო არხ იმედზე მას შემდეგ, რაც მისი ფარული ჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში ბერა ივანიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მითითებებს აძლევს, მიაკითხოს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მას Facebook-ზე შეურაცხყოფას აყენებენ. 

კომენტარები