გოგი წულაია

წულაია ოპოზიციას: იქნებ მაღიაროთ ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმრად

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულმა, გოგი წულაიამ გლდანის საპატიმროდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავის მხარდამჭერებსა და ოპოზიციის ლიდერებს მიმართა.

წულაია წერილში წერს, რომ მას თავისი საქციელით არავისთვის ზიანი არ მიუყენებია და ეს ყველაფერი მისი გულუბრყვილობის შედეგია.

"პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია".

წულაია ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს და ეუბნება, რომ თუკი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას პოლიტმატიმრებად აღიარებენ, მის შემთხვევაში რატომ არ გამოუხატავთ მხარდაჭერა და რატომ ფიქრობენ, რომ მას პოლიციელები და მოსამართლეები "პატიოსნად" მოექცნენ.

"ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუკი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი (გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ "უპატიონსესები" და ამ "პატიოსანმა" პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს, კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირით , რომ საქართველო სასამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი, უმწიკვლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკაა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს". - წერს გოგი წულაია.

გოგი წულაია 17 მარტს თავდაპირველად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს მას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით).  

19 მარტს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა – სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები