გოგი წულაია

"შეიძლება, აღქმული იყოს სიგნალად" – ვინ რატომ გაემიჯნა პარტიების განცხადებას წულაიაზე

დღეს, 22 აპრილს 20-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერენ, რომ პოლიტიკოს გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, მაშინ, როდესაც ანალოგიურ ბრალდებებზე სხვებს გირაოს უფარდებენ, შერჩევითი სამართლის მაგალითია. 

ხელმომწერთა შორის არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი, რომელთა წევრებიც, ხატია დეკანოიძე და თეონა ჭალიძე განცხადებას გაემიჯნნენ. 

ტაბულა დაინტერესდა, რა არის  მათი გამიჯვნის მიზეზი და იზიარებენ, თუ არა, რომ შერჩევითი სამართალი უნდა დაიგმოს. 

"პოლიტიკური მართლმსაჯულება რომ არსებობს ამ ქვეყანაში, ეს ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მტკიცებულების ტვირთი აქვს ამ შემთხვევაში კაცს, რომლის წინააღმდეგაც ჩვენებას აძლევს ქალი. ძალიან მგრძნობიარეები უნდა ვიყოთ ამ საკითხების მიმართ, ამიტომ, შესაბამისად, ცოტა არაკორექტულად მეჩვენება, რომ დავუშვათ, ჯიშკარიანი რომ არ დაისაჯა, იმიტომ, რომ მას პრივილეგია მიანიჭეს, ამიტომ, შეიძლება ქალის ჩვენება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ". – ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ტაბულამ ენმ-ს წევრს შეახსენა, რომ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ დაზარალებულის ჩვენებას და წერენ, რომ ქალზე ძალადობის ბრალდების სერიოზულობას სრულად აცნობიერებენ, რაზეც ხატია დეკანოიძემ გვიპასუხა, რომ იცის, განცხადებაში რა წერია. 

"მე დიდი ხანია, ვიცი ეს განცხადება და არ ვიზიარებ ამ განცხადების პათოსს, თორემ შერჩევითი სამართალი რომაა და ჯიშკარიანი რომ უნდა დასჯილიყო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან საფრთხილოა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ კონტექსტში გატარება ქალის ჩვენების. რაც არ უნდა შემომიბრუნოთ კითხვა, ეს არის ჩემი პოზიცია... ყველა პარტიის პოზიცია ვიცი, მაგრამ მაინც მიმაჩნია, როგორ გითხრათ, რომ არ არის კორექტული ამ მიმართულებით ამის ეჭვქვეშ დაყენება". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ტაბულას კიდევ ერთ კითხვაზე, რომ მაშინ, როდესაც იგივე ილია ჯიშკარიანსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს მსგავსი ბრალდებებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ და არა პატიმრობა, გამორიცხავს, თუ არა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ბერა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა გოგი წულაიას გინების გამო, ხატია დეკანოიძე გვპასუხობს: 

"მე დაუშვებლად მიმაჩნია აქცენტების გადატანა იმაზე, რომ ვინმე მივიდა, გამოიწვია... განცხადების ტექსტი ძალიან კარგად ვიცი. ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მტკიცების ტვირთი, დაამტკიცოს, რომ არ იძალადა ქალზე, როცა ქალს აქვს დაზიანებები მიყენებული, არის ეჭვმიტანილზე. ამის თქმა მინდა. არ არის ჩემთვის ეს განცხადება ისეთი, რომ დავეთანხმო". 

იმავე კითხვით მივმართეთ თეონა ჭალიძესაც. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამ განცხადებაზე ხელმოწერას მისი პარტიის მხრიდან არ ეთანხმება, რადგან ფიქრობს, რომ "ძალიან სენსიტიურია" ასეთი განცხადებები და ამ ნაწილში მეტი სიფრთხილეა საჭირო. 

"შესაძლოა, განცხადება აღქმული იყოს პოტენციური მოძალადისგან სიგნალად, რომ ძალადობის შემთხვევების შემდეგ შეიძლება, დარჩეს თავისუფალი. მე ვფიქრობ, რომ თავის დროზე, მაგალითად, ქართულ ოცნებას შეფარებული ჯიშკარიანი, საკრებულოს დეპუტატი უნდა დაკავებულიყო. განა ის უნდა მოვითხოვოთ, რომ ვიღაცა გათავისუფლდეს, სავარაუდო ძალადობაში ეჭვმიტანილი, არამედ უნდა მოვითხოვოთ, რომ სხვაც დაისაჯოს, ვინც არ არის დასჯილი". – ამბობს თეონა ჭალიძე. 

ტაბულას დაზუსტებაზე, რომ განცხადებაზე ხელმომწერები გოგი წულაიას გათავისუფლებას არ მოითხოვდნენ და შერჩევით სამართალს უსვამდნენ ხაზს, იგივე ილია ჯიშკარიანისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე დაყრდნობით, თეონა ჭალიძე გვპასუხობს, რომ ისინიც უნდა დაეჭირათ და სწორედ ეს უნდა ყოფილიყო განცხადების მოთხოვნა. 

"მე არ გეთანხმებით. ეგრე არ აღვიქვამ მაგ წინადადებებს, ამ განცხადებას და, როგორც აღვიქვი, შესაბამისი რეაქცია მქონდა ამაზე". – ამბობს თეონა ჭალიძე. 

ტაბულას ბოლო კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა ბერა ივანიშვილის მიერ შურისძიებას, თეონა ჭალიძე პასუხობს: 

"პირადად ჩემთვის, არსებული მასალები, რაც საზოგადოებამ ნახა და რა ინფორმაციასაც ვფლობთ ამ საქმეზე, ვფიქრობ, რომ შესაბამისი ღონისძიება იქნა გამოყენებული, რაც უნდა გამოყენებულიყო. მორჩა, წერტილი". 


19 მარტს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკმვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა – სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გოგი წულაია 17 მარტს თავდაპირველად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს მას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით). დანაშაული 4-დან 6-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

წულაია თავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს აგინა. გავიხსენოთ, როგორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ უახლოეს წარსულში მომხდარ მსგავს შემთხვევებზე. აღსანიშნავია, რომ განვიხილავთ არა წულაიას ბრალეულობას, არამედ მსგავს შემთხვევებზე შერჩევითი სამართლით მოქმედებას.  

ილია ჯიშკარიანი

ილია ჯიშკარიანი ყოფილმა თანაშემწემ, თამთა თოდაძემ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრს, ილია ჯიშკარიანს 2019 წელს სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თოდაძე ყვებოდა, რომ  ჯიშკარიანმა ოფისში დალია, შემდეგ კი მისი გაუპატიურება სცადა. როგორც ის იხსენებდა, მას შემდეგ, რაც გადასაღებად ტელეფონი ამოიღო, ჯიშკარიანმა ის ძირს დააგდო და ხელებითა და ფეხებით სცემა. ძალადობის მიუხედავად, თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად მხოლოდ 8 დღის შემდეგ ცნო და ჯიშკარიანს ბრალი წაუყენა. ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე პროცესი სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა, უფლებადამცველის, ბაია პატარაიას თქმით, საქმეში ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა. სასამართლომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა - ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. თოდაძის ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, შეეძლო, საქმის სრულყოფილი გამოძიებისთვის ხელი შეეშალა. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევდნენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორებულიყო.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილი ყოფილმა ცოლმა, ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ბასილაშვილმა დოროყაშვილზე არასრულწლოვანი შვილის თვალწინ იძალადა და პატიმრობას ითხოვდნენ. 24 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ბასილაშვილმა საპატიმრო იმავე დღეს დატოვა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე კი  შემაკავებელი ორდერი გაიცა. ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის, ანა აბაშიძის თქმით, არსებობს კადრები, რომლითაც დგინდება, რომ ბასილაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა.   

პაპუნა უგრეხელიძე

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში 2018 წელს დაადანაშაულა. როგორც ეკა მესხიძე ყვებოდა, უგრეხელიძე თანამშრომლებს ამცირებდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. როგორც მან ტაბულასთან თქვა, უგრეხელიძემ მუქარის მესიჯი მას შემდეგ მისწერა, რაც სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ტელეფონი გაუთიშა. პაპუნა უგრეხელიძის საქმე სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებას ბრალდების შემდეგ, 26 მაისს, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა და ყოფილი თანამშრომელი შანტაჟში დაადანაშაულა. უგრეხელიძე წერდა, რომ ბრალდება "შურისძიება" იყო იმის გამო, რომ ქალის მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს. პაპუნა უგრეხელიძემ სასამართლოში "პატივისა და ღირსების შელახვისთვის" იჩივლა. უგრეხელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ორჯერ მიმართა - პირველად სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, რადგან რადგან მიიჩნია, ის არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, თუ რომელი ცნობების უარყოფა სურდა მოსარჩელეს. მეორე მიმართვის შემდეგ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მესხიძეს უგრეხელიძეზე ზოგი ცნობის უარყოფა დაევალა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შევიწროებაზე არ უმსჯელია. 

ზვიად დევდარიანი 

CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მათ შორის, 8 ადამიანმა ტაბულასთან საუბარში. დევდარიანი საპასუხო განცხადებაში წერდა, რომ ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟი იყო ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო. 22 მარტს სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა. ზვიად დევდარიანმა 12 ადამიანს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. მათ შორის იყო ტაბულაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დევდარიანს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა, განახლებულ სარჩელში ტაბულა აღარ ყოფილა. მოპასუხეებად დარჩნენ: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ ისურვეს. "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტყ..ა კაცი", "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა", "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი უკიდურესად სირია" - დევდარიანი მოპასუხეებისგან ამ და სხვა ცნობების უარყოფას ითხოვდა.

 

კომენტარები