20 ივნისის საქმე

გახარია: გავრილოვის შემოშვება არ მინდოდა - პარლამენტიდან დაიწყეს დარეკვა, თხოვნა

გიორგი გახარია ამბობს, რომ 2019 წლის ივნისში, ის საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემოსვლის წინააღმდეგი იყო. 

"როცა საქართველოში ეს ღონისძიება იგეგმებოდა, შსს-ში რუსეთის მოქალაქეების სია შემოვიდა, რომელთა ქვეყანაში შემოსვლა იყო დაგეგმილი. მაშინ, შსს-მ და სუს-მა ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიული უარი განვაცხადეთ - 10-12 ადამიანზე იყო საუბარი, ზუსტად არ მახსოვს. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი ყველა "დაბრაკული" იყო. მათ ნაწილს კანონი ჰქონდა დარღვეული. ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ეს კაცი არ შემოგვეშვა და ვთქვით, მას არ ვუშვებთ-თქო. ერთი ამბავი ატყდა - პარლამენტიდან დარეკვა, თხოვნა [...]

ამ კაცის შემოშვებაზე მაშინ პასუხისმგებლობა პარლამენტის ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძემ აიღო [...] საერთაშორისო ღონისძიება რომ იყო, შანტაჟი ამით დაგვიწყეს, რომ ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა და გინდა თუ არა, უნდა შემოვიყვანოთო. მაგრამ, მაინც კატეგორიული წინააღმდეგი რომ ვიყავით, თქვეს, რომ მას მოადგილე ჰყავდა და ამ კონფერენციის ხელმძღვანელი ვიღაც სხვა იქნებოდა". - თქვა გახარიამ ივანიშვილის პარლამენტში, ოცნების საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. 


2019 წლის ივნისში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენასა და მის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომას. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ასამბლეაზე ქართულ მხარეს ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ.

19 ივნისს ჩატარებულ სხდომას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ და სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე, ძალადობრივი გზით დაშალა მომიტინგეები. კლინიკებში გადაიყვანეს 240 პირი.

საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.

კომენტარები