პოლიტიკური კრიზისი

გომური: ასე მარტივად დაითმობა 20 ივნისი? ეგეთი უმნიშვნელოა?

სკოლის დროს ეგრე ვშვრებოდი ხოლმე: სასწავლი რომ მქონდა და თუ მეზარებოდა, შემეძლო მაგის გარდა ყველაფერი გამეკეთებინა, სახლი დამელაგებინა, ვინმეს დავხმარებოდი ან რავი, რამე. ოღონდ არ მემეცადინა. გააავიდა დრო და აგერ, იგივე ხდება, უბრალოდ სიტუაცია, ხალხი და ვალდებულებები შეიცვალა. მთელი დღეა ყველანაირად ვარიდებ თავს ამ შეთანხმებაზე ფიქრს. და რა დროს დავიჭირე ჩემი თავი გითხრათ, პატარა ტყემლების მოსაწყვეტად მივბობღავდი ხეზე, ერთიც ვერ მოვწყვიტე, სამაგიეროდ დრო გამყავდა, რომ არ მეფიქრა.

ბოდიალი.

ახლა საქმე. რომ არა 20 ივნისი (და ბოდიშით ეგეთი დამოკიდებულიბის გულიზა) სად იქნებოდა ახლა ოპოზიცია, კაცმა არ იცის, ან შეიძლება, იცის და ეგ ყოფნაც აქამდე ნაღდად არ იქნებოდა, პარლამენტის რიგებამდე. ივნისმა დააჩქარა ეგ ყველაფერი. მარა ეგ სხვა საკითხია და სხვა დროს.

როცა ერთი მხარე მეუბნება, რომ კარგია შესვლა, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ დასავლეთმა არ დაგვადოს, რომ ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია ეს შეთანხმება და როგორც იქნა, მივაღწიეთ ამ მწვერვალს და იშვა ბნელიდან ნათელი, ხსნა და ა.შ, ეგ ამნისტია არ ეხება 20 ივნისს, როგორც ძალის გადამეტებას და უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას. და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იქნება.

მეორე მხარე მარწმუნებს, რომ ამნისტია არის დასასრული და დასამარება ოცი ივნისის (ცუდი გაგებით, რა თქმა უნდა, თორე ნეტა დასამარდეს) რომ ვერასდროს ვერ დაისჯება დამნაშავე, რომ არასდროს დაისჯება ის, ვის გამოც დღეში 7 მილიარდჯერ პროთეზს ვრეცხავ და ერთი სული მაქვს, სახლში მივიდე, რომ გამოვიძრო თვალიდან ეს დამპალი და წყეული რაღაც. მერე თავი იმით დავიმშვიდო რო აი, მაკო, ცოტაც და ფინალში ხარ, უბრალოდ ეგ ფინალი რაც უფრო ვუახლოვდები, უფრო შორს გადის, აი, სიზმარში რო მირბიხარ და ვერ მირბიხარ, დაახლოებით ეგრე.

აი, ჩემს თავში კი არეულობაა, ერთი წუთით რო ჩაგახედათ შიგნით, შეგეცოდებოდით. ვინ მართალს ამბობს, ვინ ტყუილს, ვის დაეჯერება, ვის არა, მართლა დაუსჯელად დატოვებენ დამნაშავეებს? ეგ არის კარგი სასამართლო მერე? ეგაა აწყობილი ქვეყანა? არ ვიცი. ვინც იცით, მითხარით. ვფიქრობ, ალბათ, მგონია და მსგავსი არ მინდა.

შესვლა არავის უკითხია არც ჩემთვის, არც ბატონი კობასთვის და არავისთვის საერთოდ. მე უბრალოდ მაინტერესებს, ესე მარტივად დაითმობა 20 ივნისი? ეგეთი უმნიშვნელოა? მჭირდება პასუხი, ზუსტი.

არა, ნაცი არ ვარ. დაუსჯელობით დაღლილი დაზარალებული ვარ, ვისი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც არ მინდა პარლამენტის სკამზე ვინმემ საჯდომები გაითბოს

წერს მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა. ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა - პუნქტის მიხედვით, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

კომენტარები