ირანი

ევროკავშირი: 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებისთვის მეტი მუშაობაა საჭირო

Twitter/@enriquemora_

ვენაში 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ირანსა და მსოფლიო ძალებს შორის მოლაპარაკებები წინ მიდის, თუმცა ჯერჯერობით მეტი მუშაობაა საჭირო. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამშაბათს Twitter-ზე დაწერა. მხარეები საკუთარ დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ. 

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. შეიქმნა ექსპერტთა მესამე ჯგუფი, მიმდინარე საკითხების განსახილველად". – წერს ევროპული საგარეო მოქმედების სერვისის გენერალური მდივნის მოადგილე, ენრიკე მორა Twitter-ზე.

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას, შესაძლოა, მალე მიაღწიონ.

"მოლაპარაკებები ვენაში წინ წავიდა დაახლოებით 60-70%-ით. თუ ამერიკელები გულწრფელად იმოქმედებენ, შედეგებს მოკლე დროში მივაღწევთ". –  თქვა როუჰანიმ.

ვენაში გამართული მოლაპარაკებების მიზანია, შედგეს ორი შეთანხმება, ერთი ირანისთვის, მეორე აშშ-სთვის. მათი მეშვეობით უნდა გადაწყდეს, თუ როგორ დაუბრუნდებიან მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესაბამისობას და რა ნაბიჯების გადადგმა დაევალებათ მათ. მოლაპარაკებებს ესწრებიან აშშ-ს, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, თუმცა ამერიკულ და ირანულ მხარეს შორის შეხვედრები პირისპირ არ შედგება.

შეხვედრები მომავალი კვირიდან გაგრძელდება. შეხვედრები აპრილის დასაწყისიდან იმართება. მხარეები განიხილავენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ირანის შეთანხმებაში დასაბრუნებლად. მოლაპარაკებების პროცესში განიხილება აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები და თეირანის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა, ურანის მაღალ პროცენტამდე გამდიდრება.

მას შემდეგ რაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა, ვენის მოლაპარაკებები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების პირველი დიდი მცდელობაა. ბაიდენის ადმინისტრაციას შეთანხმებაში დაბრუნება სურს. ბაიდენმა თქვა, რომ მზადაა მოხსნას ყველა სანქცია, რომელიც შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება, თუ კონკრეტულად არ განუმარტავს, რომელ სანქციებზეა საუბარი.

ირანი ბირთვული პროგრამის შემცირების და შეთანხმებაში დაბრუნების წინაპირობად აშშ-ს სანქციების მოხსნას ითხოვდა. თავის მხრივ აშშ ამბობდა, რომ სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნებოდა, თუ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას დაიწყებდა. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. 

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ლაბორატორიაში ურანის გამდიდრება დაიწყო. 2020 წლის იანვარში ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. გარდა ამისა ირანი 2021 წლის პირველ ნახევარში ამდიდრებდა ურანის ლითონს და ასევე შეცვალა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული პირობები და ვალდებულებები.

კომენტარები