პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: პოლიტიკურ ტერორისტს არ უნდა დაადებინო შედეგი, რომელიც შენ მიგაჩნია სახიფათოდ

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ გუშინ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე ისაუბრა. ბოკერიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მეტი ნებისყოფა უნდა გამოეჩინათ და მმართველი პარტიის ზეწოლის მიუხედავად, ისეთ დოკუმენტზე არ უნდა მოეწერათ ხელი, რაც მათივე აზრით, არასაკმარისია. 

"თუ შედეგის მიღწევა შეგიძლია არას თქმით, უნდა შეგეძლოს ბოლომდე გააგრძელო და პოლიტიკურ ტერორისტს არ დაადებინო ისეთი შედეგი, რომელიც შენ მიგაჩნია არასაკმარისად და სახიფათოდ, იმიტომ, რომ ის ვერ აღადგენს ნდობას არჩევნებში. ვერ აღადგენს ნდობას იმაში, რომ იმ მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება, როგორც ივანიშვილმა გააკეთა არის შეუძლებელი აწი". – თქვა ბოკერიამ

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება არანაირ გარანტიას არ იძლევა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ გაგრძელდება, შესაბამისად, შარლ მიშელის შემოთავაზებული საბოლოო დოკუმენტი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში ვერანაირი წარმატების განცდას ვერ შექმნის.

"ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების განცხადებები, რომ ეს ორი კაცი ციხიდან რომც გამოვიდეს, სხვა ყველა საქმეზე ჩვენ უფლებას ვიტოვებთ პოლიტიკური დევნის გაგრძელებისო. მეორე შანსი პირველი შთაბეჭდილების მოხდენის არ არსებობს, ეს არის ინგლისური ცნობილი გამოთქმა და ვინც გუშინდელ ამბავს უყურა, მე ძალიან მყარად ვარ დარწმუნებული, რომ მოქალაქეების კრიტიკული მასის განცდას, რომ აქ ჩვენ მივაღწიეთ საერთოდ რამე გამარჯვებას ქვეყნისთვის, ვერ შექმნის და ეს არის დიდი შეცდომა, ჩემი აზრით". – ამბობს ბოკერია

გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები