პოლიტიკური კრიზისი

მიშელი: შეთანხმება ძლიერი გზავნილია, მთავრობამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა განახორციელონ

შარლ მიშელი
Reuters

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე მხოლოდ ხელმოწერა საკმარისი არ არის და ის უნდა განახორციელონ. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება, რაც გუშინ მიიღეს და რაზეც ხელი მოაწერა ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა ეს ძალიან ძლიერი სიგნალია, ძალიან ძლიერი გზავნილია. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, მათ უნდა განახორციელონ ეს. პოლიტიკურმა ლიდერმა და მთავრობამ უნდა ითანამშრომლონ, რათა განახორციელონ ის, რაც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გადაწყვიტეს". – აღნიშნა მიშელმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მიშელის თქმით, ტოპ პრიორიტეტია საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობის რეფორმა და ფუნდამენტურია, რომ საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს, ენდონ. მან აღნიშნა, რომ ეს ყოველივე ფუნდამენტურია, რადგან ეს საუკეთესო გარანტიაა ხალხის, მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ყველაფერი მარტივად იქნება, რა თქმა უნდა, დემოკრატიული დებატები ზოგჯერ დაძაბულობასაც ნიშნავს, განსხვავებულ აზრს პრიორიტეტებზე, თუმცა, ყველაზე მთავარი არის დნმ და დნმ უნდა იყოს ერთობა, საერთო ინტერესი ამ ქვეყნისთვის და მე ვგრძნობ, რომ გუშინ ხელმოწერილი ამ შეთანხმებით (ვიმედოვნებ, რომ სხვებიც შემოუერთდებიან) მე ვფიქრობ, ეს არ საწყის წერტილი სიმშვიდისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის რეალური, ძლიერი პოლიტიკური მზაობისთვის, რათა იმოქმედონ ქართველი ხალხის ინტერესების მიხედვით". - შარლ მიშელმა თქვა. 


ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები