კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: თბილისში COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევები 2-ჯერ აღემატება გამოვლენილს

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას. ცერცვაძე წერს, რომ თბილისში კორონავირუსი გადატანილი აქვს 305 161 პირს, მათგან 100 641 ადამიანს (11,7%) ლაბორატორიულად დადასტურებულად, ხოლო 204 520 ადამიანს (23,8%) დაუდასტურებლად. 

"თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან ოფიციალური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას.

ჯამში ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები)". – წერს ცერცვაძე

ცერცვაძის ცნობით, ანალოგიური კვლევა თბილისის მასშტაბით ჩატარდა 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. კვლევის შედეგები იყო: 2020 წლის მაისში გამოუვლენელი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში 9.1%-ს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 30 940 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია  5,79%, ბოლო 14 დღის – 3,24%, ბოლო 7 დღის – 3,92%. 20 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 297 728 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 282 237 გამოჯანმრთელდა, 3 959 კი გარდაიცვალა.

კომენტარები