ციფრული ვალუტა

ჩინეთი ზამთრის ოლიმპიადაზე ციფრული ვალუტის მასშტაბურ გამოცდას გეგმავს

ფოტო: asiantimes.com

ჩინეთის ცენტრალური ბანკი გეგმავს, რომ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ციფრული იუანის მასშტაბური გამოცდა ჩაატაროს, რომელშიც მონაწილეობას მილიონობით ადგილობრივი მოსახლე და ტურისტი მიიღებს. 

ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილის, ლი ბოს თქმით, ზამთრის ოლიმპიადა ჩინური ციფრული ვალუტის უდიდესი საერთაშორისო გამოცდა იქნება, რომლისთვისაც მომზადება 2014 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, ციფრული ვალუტაზე მუშაობა ჯერაც არ არის დასრულებული და იუანით სარგებლობა მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია შესაძლებელი. 

ციფრული ვალუტა არ არის კრიპტოვალუტა, ის არ იყენებს დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინ სისტემას და ფუნდამენტურად განსხვავება ისეთი დეფლაციური აქტივებისგან, როგორიც ბიტკოინია. 

ციფრულ ვალუტას გამოსცემს ცენტრალური ბანკი და ის ტრადიციული ვალუტისა და ნაღდი ანგარიშსწორების ევოლუციაა. 

კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, რომელსაც ვერცერთი კონკრეტული აქტორი ვერ განკარგავს, ციფრულ ვალუტას სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. 

ექსპერტების თქმით, ჩინეთი ციფრული იუანით ცდილობს საერთაშორისო ვაჭრობაში ამერიკული დოლარის დომინანტი პოზიციის შესუსტებას და ნაწილობრივ მის ჩანაცვლებას. 

ამერიკულ დოლარს მსოფლიო სარეზერვო ვალუტად მიიჩნევენ, რადგან საერთაშორისო ვაჭრობის 60%-ზე მეტი დოლარში ხორციელდება. ამჟამინდელი მდგომარეობით, ჩინური იუანი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დოლარის მაჩვენებელს და მისი წილი 10%-ზე ნაკლებია. 

გარდა დოლართან კონკურენციისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მთავრობა ციფრული იუანით საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიების ბაზრის წილის დაკავებასაც შეეცდება. 

ჩინეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არა ბანკების, არამედ ფინტექ სერვისებით სარგებლობს, კერძოდ, კომპანია Alibaba-ს Alipay-ითა და Tencent-ის WeChat Pay-ით.  

ლი ბოს თქმით, ციფრული იუანის ინტერნაციონალიზაცია ნატურალური პროცესის ნაწილი იქნება. 

უსაფრთხოების მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტა მთავრობებს თვალთვალისა და ინფორმაციის მოპოვების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. განსაკუთრებით მწვავეა კრიტიკა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის განზრახვების მიმართ. 


ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობს იაპონიაც

კომენტარები