ციფრული ვალუტა

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის შექმნაზე დაიწყო მუშაობის პროცესი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული იენის გამოცდა 2022 წლისთვის იგეგმება და ამჟამად ცენტრალური ბანკი აქტიურადაა ჩართული კვლევის პროცესში. 

ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შექმნაზე თითქმის ყოველი განვითარებული ეკონომიკის მქონდე სახელმწიფო მუშაობს, თუმცა ამ პროცესში ჯერჯერობით ჩინეთი ლიდერობს. 

ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვალუტის გაციფრულების პროცესიც გარდაუვალი ხდება. 

ტრადიციული ვალუტის მსგავსად, ციფრულ ვალუტასაც ცენტრალური ბანკი გამოსცემს, თუმცა მისი ფიზიკური ვერსია არ არსებობს და ტრანზაქციაც მხოლოდ ელექტრონული მოწყობილობების საშუალებითაა შესაძლებელი. 

მიუხედავად ამისა, ჩინეთი ისეთი ციფრული ვალუტის შექმნაზეც მუშაობს, რომლის გამოყენება ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშეც იქნება შესაძლებელი.  ექსპერტების თქმით, მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ რთული. 

კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, რომელსაც ვერცერთი კონკრეტული აქტორი ვერ განკარგავს, ციფრული ვალუტა არ იყენებს დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინ სისტემას და მას სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. 

გარდა იმისა, რომ ციფრული ვალუტა ამარტივებს გაცვლისა და ვაჭრობის პროცესს, ის გარკვეულ პრობლემებთანაცაა დაკავშირებული. უსაფრთხოების მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტა მთავრობებს თვალთვალისა და ინფორმაციის მოპოვების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. განსაკუთრებით მწვავეა კრიტიკა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის განზრახვების მიმართ. 

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოდელს აირჩევს იაპონიის ცენტრალური ბანკი და როდის გაეშვება იაპონური ციფრული ვალუტა ფართო მოხმარებაში. 
 

კომენტარები