ციფრული ვალუტა

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას

სამხრეთ კორეა ციფრული ვალუტის [CBDC] შექმნაზე იწყებს მუშაობას. 

Reuters-ის ინფორმაციით, ცენტრალური ბანკი ტექნოლოგიური მიმწოდებლის არჩევის პროცესშია. ციფრული ვონის საპილოტე პროგრამის გაშვება კი წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. 

ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, ნაღდ ანგარიშსწორებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მცირდება, რის გამოც საჭიროა სწრაფი რეაგირება და უნაღდო ანგარიშსწორების საშუალების დროული განვითარება. 

ციფრული ვალუტა არ არის კრიპტოვალუტა, მას ეროვნული ბანკი გამოსცემს ის ნაღდი ანგარიშსწორების ევოლუციაა.

გარდა CBDC-ის ცენტრალიზებული ბუნებისა, კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ის კონსენსუსის მექანიზმად ბლოკჩეინ ტექნოლოგიას არ იყენებს. 

კრიპტოვალუტასა და ციფრულ ვალუტას შორის მთავარი მსგავსება ისაა, რომ ორივე ვირტუალურია, თუმცა CBDC-ის აქვს შესაბამისი ფიზიკური ვერსია, ანუ იგივე ნაღდი ფული, ხოლო კრიპტოვალუტა მხოლოდ კიბერსივრცეში არსებობს. 


შეგახსენებთ, რომ ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობს თითქმის ყოველი განვითარებული სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი. ჯერჯერობით ამ პროცესში ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც ციფრულ იუანზე აქტიური მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო.

უსაფრთხოების მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდა აშკარა უპირატესობებისა, ციფრული ვალუტა მთავრობებს თვალთვალისა და ინფორმაციის მოპოვების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. განსაკუთრებით მწვავეა კრიტიკა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის განზრახვების მიმართ.

კომენტარები