ციფრული ვალუტა

სებ-ის ვიცეპრეზიდენტი: ციფრულ ლარს საპილოტე რეჟიმში მომავალი წლიდან გავუშვებთ

სებ

"ციფრული ლარი იქნება გადახდის ჩვეულებრივი საშუალება, როგორიც არის ნაღდი ფული. ნაღდი ფულის მსგავსად, ციფრული ლარის გაცვლა შესაძლებელი იქნება მხარეებს შორის მომენტალურად, თუმცა, ნაღდი ფულისგან განსხვავებით, ციფრულ ლარს ექნება ელექტრონული ფორმა და შესაძლებელი იქნება მასზე სხვადასხვა ლოგიკების დაშენება, ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტების დაშენება, რაც, ვფიქრობთ, რომ  სასარგებლო განვითარება იქნება ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებისთვის.

მსოფლიოში ბევრი ცენტრალური ბანკი უყურებს ციფრულ ვალუტას და მის პოტენციურ სარგებლებს ეკონომიკისთვის, ჩვენ ეს შევისწავლეთ  დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში და გადავწყვიტეთ, რომ გავაქტიურდეთ და საპილოტე რეჟიმში დავიწყოთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე მუშაობა. 

კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, ციფრული ლარი არ იქნება დეცენტრალიზებული და მისი გამოშვება არ შეეძლება ნებისმიერ პირს, მას გამოუშვებს მხოლოდ ეროვნული ბანკი, როგორც უშვებს ნაღდ ფულს", - თქვა ლეჟავამ.

პაპუნა ლეჟავას თქმით, ციფრული ლარის საპილოტე რეჟიმი 2021 წლის შუა პერიოდიდან ამოქმედდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, დაინერგება თუ არა ის სრულად ქვეყანაში.

"ბლოკჩეინი არის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რა ტექნოლოგიასაც არ უნდა დაეფუძნოს ციფრული ლარი, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის ტექნოლოგია იყოს თავსებადი სხვა ტექნოლოგიებთან, იქნება ეს ბლოკჩეინი თუ რაიმე სხვა. მთავარია, რომ ციფრული ლარის ტექნოლოგია თავსებადი იყოს სხვა ტექნოლოგიებთან და მისი პლატფორმის ინტეგრირება მარტივად შეიძლებოდეს სხვადასხვა ტიპის Fintech ორგანიზაციებისთვის თუ ბანკებისთვის. 

სრულად ჯერ არცერთ ქვეყანას არ დაუნერგავს, თუმცა არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც საპილოტე რეჟიმში ცდის ადგილობრივი ცენტრალური ბანკის ვალუტებს. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფერხულში ჩაება, ჩვენ გვინდა, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. პირველები, სავარაუდოდ, არ ვიქნებით, ბევრი ქვეყანა ჩვენზე წინაა ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ერთ-ერთი პირველები, თუ გადავწყვიტეთ დანერგვა. 

დროს რაც შეეხება, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ ტექნიკურ პარტნიორს ვეძებთ, მომდევნო თვეების განმავლობაში აქტიური დისკუსიები გვექნება სწორედ მათ შემოთავაზებებზე და ციფრული ლარის დიზაინზე. წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში კი გამოვაცხადებთ აქტიურ ფაზაში გადასვლას და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის შუა პერიოდიდან საპილოტე რეჟიმსაც გავუშვებთ. საპილოტე რეჟიმმა ჩვენ უნდა დაგვიდასტუროს, რომ ის სარგებლები, რასაც ჩვენ მოველით ციფრული ვალუტისგან, მართლა მიღწევადია და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ ციფრული ვალუტის სრულად დანერგვას ქვეყანაში". - აღნიშნა სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის ცნობით, ციფრული ლარის უპირატესობა იქნება ნაღდ ფულთან შედარებით გამოშვების დაბალი ხარჯები, გარდა ამისა, მისი სატრანზაქციო ღირებულება, შესაძლოა, უფასოც კი იყოს და გადარიცხვა მოხდება მომენტალურად. დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტასთან შედარებით კი, რომელთაც სწრაფი მერყეობა ახასიათებთ, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა მსგავსი მერყეობისგან დაზღვეული იქნება.

"რამდენიმე სარგებელი აქვს ციფრულ ლარს და გვინდა, რომ ყველა ამ მიმართულებით დავინახოთ, სარგებლები მოქმედებს თუ არა საქართველოში. ერთ-ერთი იქნება ის, თუ რამდენად აითვისებს საქართველოს მოსახლეობა და ქართული ბიზნესები, თუმცა, გარდა ამისა, უნდა შევხედოთ სხვა კრიტერიუმებსაც, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ციფრული ლარის გამოშვება იქნება ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ნაღდი ფულის გამოშვება და მისი ოპერირებაა.

მოგეხსენებათ, რომ ნაღდ ფულს აქვს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა მის უკან, დაბეჭდვა, ქვეყანაში ჩამოტანა, დისტრიბუცია, სჭირდება სადისტრიბუციო მანქანები, ფილიალები, ბანკომატები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, ციფრულ ლარს ეს ხარჯები გაცილებით ნაკლები აქვს. ფედერალურ სარეზერვო ბანკს აქვს კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ეს დაახლოებით 15% უნდა იყოს ნაღდი ფულის. აქედან გამომდინარე, ციფრული ლარის სატრანზაქციო ღირებულება, ხარჯი იქნება დაბალი ან, შესაძლოა, უფასოც კი, თუმცა მისი გადარიცხვა იქნება მომენტალური, არ იარსებებს შუამავალი მიმღებსა და გამცემს შორის.

გარკვეული თავისებურებები და მსგავსებები ციფრულ ლარს აქვს კრიპტოვალუტებთან. ეს არის გადარიცხვის სისწრაფე, მისი სიიაფე, ანონიმურობა,  თუმცა ციფრული ლარის გამოყენება არ ხდება სპეკულაციური საინვესტიციო მიზნებისთვის, რადგან იცით, რომ კრიპტოვალუტებს საკმაოდ სწრაფი მერყეობა ახასიათებს, ასეთი მერყეობა ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებს არ ახასიათებთ, თუმცა, როგორც გადახდის მექანიზმს, მსგავსი თვისებები აქვს და ამ ნაწილში შეიძლება მოვიაზროთ კრიპტოვალუტების კონკურენტად", - თქვა ლეჟავამ.


ციფრული ლარის შექმნაზე ეროვნულმა ბანკმა მუშაობა უკვე დაიწყო. ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობს თითქმის ყველა განვითარებული სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი. ჯერჯერობით, ამ პროცესში ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც ციფრულ იუანზე აქტიური მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო. 

ციფრული ვალუტის დასრულებული სახით შექმნა ჯერ ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა, რაც პროექტის ტექნოლოგიური სირთულით იხსნება. 

უსაფრთხოების მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდა აშკარა უპირატესობებისა, ციფრული ვალუტა მთავრობებს თვალთვალისა და ინფორმაციის მოპოვების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. განსაკუთრებით მწვავეა კრიტიკა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის განზრახვების მიმართ. სავარაუდოდ, ჩინური ციფრული ვალუტის პირველ მასშტაბურ გამოცდას მსოფლიო 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე იხილავს

 

კომენტარები