ციფრული ვალუტა

ზამბიის მთავრობა კრიპტოვალუტას უარყოფს და საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს 

ზამბიის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნას გეგმავს, რომელიც, ზამბიელი ექსპერტების შეფასებით, ჩაანაცვლებს როგორც ტრადიციულ ფიზიკურ ფულს, ასევე, კრიპტოვალუტებს, კერძოდ, ბიტკოინსა და ეთერიუმს. 

ციფრული ვალუტა არ არის კრიპტოვალუტა, მას ეროვნული ბანკი გამოსცემს ის ნაღდი ანგარიშსწორების ევოლუციაა. გარდა CBDC-ის ცენტრალიზებული ბუნებისა, კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ის კონსენსუსის მექანიზმად ბლოკჩეინ ტექნოლოგიას არ იყენებს. 

კრიპტოვალუტასა და ციფრულ ვალუტას შორის მთავარი მსგავსება ისაა, რომ ორივე ვირტუალურია, თუმცა CBDC-ის აქვს შესაბამისი ფიზიკური ვერსია, ანუ იგივე ნაღდი ფული, ხოლო კრიპტოვალუტა მხოლოდ კიბერსივრცეში არსებობს.

ზამბიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც მარეგულირებელმა ორგანომ მოსახლეობა კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული რისკებისა და გამოწვევების შესახებ გააფრთხილა. 

აღსანიშნავია, რომ ზამბია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და დაბალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მისი ეროვნული ვალუტა, კვაჩა, მკვეთრად რეაგირებს მოთხოვნის ცვლილებასა და უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. ექსპერტების შეფასებით, CBDC-ის შექმნა გაზრდის ზამბიის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, თუმცა ის გარკვეულ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული. 

საგულისხმოა, რომ ციფრული ვალუტის შექმნაზე თითქმის ყოველი განვითარებული სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკიც. თუმცა, დასრულებული ფორმით CBDC-ის შექმნა ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო, ჯერჯერობით ამ პროცესში ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც ციფრულ იუანზე აქტიური მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო.

უსაფრთხოების მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდა აშკარა უპირატესობებისა, ციფრული ვალუტა მთავრობებს თვალთვალისა და ინფორმაციის მოპოვების ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
 

კომენტარები