ციფრული ვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას

ფოტო: Shutterstock

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის [CBDC] შექმნაზე იწყებს მუშაობას

ციფრული ვალუტა არ არის კრიპტოვალუტა, მას ეროვნული ბანკი გამოსცემს ის ნაღდი ანგარიშსწორების ევოლუციაა.  

სებ-ის განმარტებით, ციფრული ლარი ხელს შეუწყობს გადახდის სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის ზრდას. გარდა ამისა, ციფრული ვალუტა გაზრდის მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. 

პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი იწვევს საფინანსო ინსტიტუტებს, ტექნოლოგიურ და ფინტექ კომპანიებს, რათა ციფრული ვალუტის შექმნისა და განვითარების პროცესში მიიღონ მონაწილეობა და ერთიანი თანამშრომლობის გზით აღმოფხვრან რეგულატორული, ფინანსური და ტექნოლოგიური პრობლემები. 

შეგახსენებთ, რომ ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობს თითქმის ყოველი განვითარებული სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი. ჯერჯერობით ამ პროცესში ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც ციფრულ იუანზე აქტიური მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო. 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის მოახერხებს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნას და მის ფართო მოხმარებაში ჩაშვებას.  საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ციფრული ვალუტის დასრულებული სახით შექმნა ჯერ ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა, რაც პროექტის ტექნოლოგიური სირთულით იხსნება. 

უსაფრთხოების მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდა აშკარა უპირატესობებისა, ციფრული ვალუტა მთავრობებს თვალთვალისა და ინფორმაციის მოპოვების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. განსაკუთრებით მწვავეა კრიტიკა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის განზრახვების მიმართ.

სავარაუდოდ, ჩინური ციფრული ვალუტის პირველ მასშტაბურ გამოცდას მსოფლიო 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე იხილავს.  ქართული ციფრული ლარის მომავალი კი, ამ ეტაპზე, უცნობია. 

კომენტარები