აშშ-რუსეთი

კრემლი: პუტინი გადაწყვეტს, თუ რა სანქციებით უპასუხოს ვაშინგტონს

პესკოვი და პუტინი

16 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი არ იზიარებს ერთ ხედვას ორმხრივად სასარგებლო კავშირების შექმნაზე და ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, გადაწყვეტს, თუ რა სანქციებით უპასუხოს ვაშინგტონს.

15 აპრილს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ პრესაში რუსეთისთვის აშშ-ს სანქციების დაწესების ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რუსული რუბლი გაუფასურდა

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ პუტინს მრავალჯერ უთქვამს, რომ რუსეთი იმდენადაა მზად აშშ-სთან თანამშრომლობისთვის, რამდენადაც ვაშინგტონია ამისთვის მზად. 

პესკოვს არ უთქვამს, თუ როდის დააანონსებენ საპასუხო სანქციებს. 

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვდნენ და განიხილონ აშშ-სა და რუსეთის წინაშე არსებული საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან " უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

14 აპრილს პესკოვმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გასულ თვეს  ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებდა. რასაც ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის".

კომენტარები