აშშ-რუსეთი

ამერიკული მედია: აშშ-მ, შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს

ჯო ბაიდენი

აშშ რუსეთისთვის სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული მედია: Reuters-იThe New York Times-იThe Wall Street Journal-ი და Bloomberg-ი. მოსალოდნელია, რომ სანქციების შესახებ ოფიციალური განცხადება 15 აპრილს გაკეთდება.

Reuters-ი წერს, რომ სანქციები 30 სუბიექტს შეეხება და, შესაძლოა, აშშ-დან 10 ოფიციალური პირი გააძევონ. The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ გეგმავს, შეზღუდვები დააწესოს რუსეთის საგარეო ვალზე. 14 ივნისის შემდეგ ამერიკული დაწესებულებები ვეღარ შეძლებენ რუსეთის ცენტრალური ბანკის, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდისგან ობლიგაციების ყიდვას.

სანქციების ახალი პაკეტი დაკავშირებულია აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობებთან, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თალიბანთან ერთად ერთობლივი მოქმედებებსა და მასშტაბურ კიბერშეტევაზე, რომელიც რამდენიმე სამთავრობო ორგანოს შეეხო, მათ შორის  აშშ-ს რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს: აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ვაჭრობის დეპარტამენტს, სახაზინო დეპარტამენტს. 

ახალი სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის აშშ-ს მხრიდან სანქციების მეორე ტალღა იქნება. მარტში აშშ-მ ევროკავშირთან კოორდინირებით რუსეთს სანქციები დაუწესა ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლისა და პოლიტიკოსის დევნისთვის.

რამდენიმე დღის წინ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვდნენ და განიხილონ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები. ბაიდენის შემოთავაზებასთან დაკავშირებით დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. ასევე, ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა". ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ.

გასულ თვეს  ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებს. რასაც ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის".

კომენტარები