თურქეთის ეკონომიკა

თურქეთმა კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა 

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის ანგარიშსწორების გამოყენება აკრძალა. ახალი რეგულაცია ძალაში 30 აპრილიდან შევა.

თურქეთის მოსახლეობას აეკრძალა კრიპტოვალუტით პროდუქტებისა და სერვისების შეძენა, გარდა ამისა, შეიზღუდა სავაჭრო პლატფორმებზე კრიპტოაქტივების ყიდვაც. 
 
ცენტრალური ბანკის განმარტებით, საფინანსო სერვისებში ციფრული ვალუტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახით გამოყენება არალეგალურად ჩაითვლება. 

ექსპერტების თქმით, თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება და ინფლაციის დონის 16%-მდე ზრდა ხელს უწყობს მოსახლეობისა თუ ინვესტორების კრიპტოვალუტით დაინტერესებას, რასაც ცენტრალური ბანკი პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. 

უკანასკნელი თვეების განმავლობაში თურქეთში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

გარდა კრიპტოვალუტისა, 2016 წელს თურქეთმა მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო სერვისი, PayPal-ი აკრძალა. 


თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურების პროცესი ერდოღანის მიერ თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ნაჯი აგბალის სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ დაიწყო.

ქვეყანაში არსებული მაღალი, 15%-იანი, ინფლაციის დონის გამო აგბალი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ითხოვდა, ხოლო ერდოღანი მას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. 

2021 წლის მარტში აგბალმა რეფინანსირების განაკვეთი 17%-დან 19%-მდე გაზარდა, რის გამოც ერდოღანმა ის სამსახურიდან დაითხოვა და მის ნაცვლად საჰაპ კავჩიოღლუ დანიშნა.

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს თურქეთში ინფლაციის დონემ 20%-ს გადააჭარბოს. 

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თურქეთის ეკონომიკური პრობლემის მოგვარება ერდოღანისა და ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტის გეგმით შეუძლებელია და, უფრო მეტიც, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კიდევ უფრო მეტად გაზრდის თურქეთისადმი ინვესტორების უნდობლობას, რაც, თავის მხრივ, დააჩქარებს ლირის გაუფასურებისა და ინფლაციის დონის ზრდის ტემპს.  

კომენტარები