პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე აშშ-ში: ოპონენტებთან დიალოგის პროცესზე ვისმენთ საინტერესო რჩევებს პარტნიორებისგან

Mzia Saganelidze (RFE/RL)

"ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესების განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს ჩვენი პარტნიორებისგან". - განაცხადა ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ. 

"ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ.

მთავარია, რომ აშშ არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი და ის არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში, მთლიანობაში, პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება" - ამბობს კობახიძე.

ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს "ყველა დეტალზე" აწვდიან ინფორმაციას.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და, ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში" - თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 12 აპრილს დაიწყო და 16 აპრილამდე გაგრძელდება. აშშ-ში ყოფნის პერიოდში ირაკლი კობახიძე შეხვედრებს მართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ის უკვე შეხვდა სენატორ ჯეიმს რიშს.

ქართული ოცნების დეპუტატის, გივი მიქანაძის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მაღალი რანგის პირებთან გაიმართება შეხვედრები.


18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის პირველი 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები