პოლიტიკური კრიზისი

აშშ: პარტიებმა კომპრომისისთვის უნდა იმუშაონ, ოცნებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპრომისის მიღწევაში - 14 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკის ხმამ ამერიკის დიპლომატიური უწყების განცხადება მოიპოვა, სადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეერთებული შტატების პოლიტიკას აცხადებს.

"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა, ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს". - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ "შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს წინ წასვლის საშუალება მიეცეს".

დეპარტამენტის ერთ-ერთი უფროსი პრესსპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რომ საქართველომ წარმატებს მიაღწიოს, როგორც უსაფრთხო და განვითარებულმა დემოკრატიამ და რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა გააგრძელოს.

კომენტარები