ნამახვანჰესი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნამახვანზე: ვიქნებით მედიატორი, ვმუშაობთ ორივე მხარესთან

მთავარი არხი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით საპატრიარქო მედიატორის როლს შეასრულებს. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საპატრიარქო ამ საკითხში ერევა.  ჯაღმაიძე ამბობს, რომ ჰესთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის ხელშეკრულების პირობები ცნობილი არაა, რაც დაძაბულობას იწვევს. 

"ნამახვანჰესის საკითხზე ვიქნებით მედიატორი, ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის.

საპატრიარქო პირველად არ ერევა ამ საკითხში, ის დიალოგები, რომლებიც აქამდე შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენი ჩარევის შედეგად მოხდა. ისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საპატრიარქო რატომ არ ერევა, სინამდვილეში, ვმუშაობთ ორივე მხარესთან იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის.

არის გარკვეული კითხვები კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ მხარესთან დაკავშირებით და ყველას უნდა ესმოდეს, რომ საპატრიარქოს არ ყავს გეოლოგების ჯგუფი, არც ეკონომისტების ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოში მოამზადებდა დასკვნას.

ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობისაკენ მოვუწოდოთ, კეთილგონიერება გამოიჩინონ ყველამ და დიალოგის სივრცე შექმნან, სადაც დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, შეკითხვები დასვას, მიიღოს კომპეტენტური პასუხები და ამას ესწრებოდნენ პასუხისმგებელი პირები". – ამბობს ჯაღმაიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

საპატრიარქომ 14 აპრილს გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობას არ ტოვებს.  განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის დიალოგი ფორმალური არ უნდა იყოს.


14 აპრილს, შსს-მ რიონის ხეობაშ რკინის ბარიკადები აღმართა.  

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციას ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მართავენ. დაპირისპირების მიზეზი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კომპანია ენკას მანქანის გატარება გახდა.

რიონის ხეობაში, ნამახვანჰეისის აშენების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის, 12 აპრილს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზაზე გადმოსვლის საშუალება არ მისცეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვანჰესის მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილებით მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, რადგან მდინარე რიონში წყალმა საშიშ დონეს მიაღწია.

კომენტარები