ნამახვანჰესის მშენებლობა

საპატრიარქო ნამახვანზე: დაუშვებელია კატეგორიული ტონი, არ ტოვებს მოსმენის შესაძლებლობას

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობას არ ტოვებს. 

"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას". - წერია განცხადებაში. 

დღეს, 14 აპრილს, შსს-მ რიონის ხეობაშ რკინის ბარიკადები აღმართა.  

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციას ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მართავენ. დაპირისპირების მიზეზი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კომპანია ენკას მანქანის გატარება გახდა.

რიონის ხეობაში, ნამახვანჰეისის აშენების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის, 12 აპრილს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზაზე გადმოსვლის საშუალება არ მისცეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვანჰესის მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილებით მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, რადგან მდინარე რიონში წყალმა საშიშ დონეს მიაღწია.

კომენტარები