ქართული ოცნება

თალაკვაძე წასულ დეპუტატებზე: არასწორი გადაწყვეტილებაა, პირადი ურთიერთობები აირჩიეს

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნებიდან წასულ 6 დეპუტატზე საუბრისას ამბობს, რომ მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და "პირადი ურთიერთობები აირჩიეს". 

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. 

სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების, პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს". – ამბობს არჩილ თალაკვაძე.  

თალაკვაძე ამბობს, რომ დაელოდებიან, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან "ოცნების" ყოფილი დეპუტატები გიორგი გახარიასთან ერთად, რა იქნება მათი პოზიციონირება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, რომლებზეც "პასუხი იქნება გასაცემი". 

"მაშინ, როდესაც ის გამოწვევები არის ქვეყანაში, რომლებზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა, ვფიქრობ, მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია, უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც შენს პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშავო". - ამბობს ის.

ქართული ოცნება 6-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ დატოვა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

22 მარტს გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. 

კომენტარები