ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: ივანიშვილს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ციხეში შენარჩუნება გაუჭირდება

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში ღამის კურიერი გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას. ბოკერია აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობა არ არსებობდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მალევე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

"ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობა არ გვქონია, მე კი არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა მალევე მიიღოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ დიდი ხნით ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ციხეში შენარჩუნება გაუჭირდება ძალიან, შიდა და განსაკუთრებით გარე პრობლემების გამო, რის გამოც ახლა შტატებში არიან ჩასული და ჰგონიათ, რომ ასეთი ვიზიტებით წყდება პრობლემები, შეიცვლება ვითარება ქვეყნის შიგნით ან ამ ვითარების მიმართ დამოკიდებულება. ეს გულუბრყვილობაა". - თქვა გიგა ბოკერიამ.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მელიას დაჭერა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისი გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

"ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას წელავენ დროს და აქვთ ილუზია, შეიძლება დრო რომ გაიწელება, ისე გამოუშვან მელია, რომ იქამდე არსებული სტატუს-კვო დაბრუნდეს, რასაც მოჰყვა მელიას დაჭერა და უბრალოდ დამშვიდდეს ვითარება მათთვის. მელია გამოვუშვით და ყველაფერი ისევ ისეა, რაც მოხდა არჩევნებზე, არაუშავს, სახელმწიფოს მიტაცების პროცესზე რაც ხდება, არაუშავს. ის, რომ პრემიერმინისტრი, ვინც იყო მმართველი გუნდის მთავარი სახე ელექტორალურად, გადადგა სკანდალური განცხადებით. ის რაც ხდება, თავისუფალი სამყაროდან ზეწოლის სახით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, ესეც გადაივლის, ეს ილუზია აქვთ". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა.


სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარე კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომას ნიკა მელიაც ესწრებოდა. პროცესის შემდეგ ნიკა მელიამ წერილი გამოაქვეყნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები