დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ, გერმანია და საფრანგეთი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ძალების გაზრდა აღმ. უკრაინაში

ენტონი ბლინკენი
CNN

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, თავის ფრანგ და გერმანელ კოლეგებს ესაუბრა, სადაც  განიხილეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების გაზრდის, აღმოსავლეთ უკრაინაში მათი პროვოკაციების და პროვოკაციული რიტორიკის შეჩერების აუცილებლობა. 

9 აპრილს ბლინკენი ცალ-ცალკე ელაპარაკა ჟან-ივ ლე დრიენს და ჰაიკო მაას და NATO-ს მოკავშირეებს გაძლიერებული კონსულტაციები შესთავაზა. 

"მდივნმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლე დრიენმა დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მათ განიხილეს იმის საჭიროება, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი სახიფათო და უპასუხისმგებლო რიტორიკა, სამხედრო ძალების გაზრდა ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე და, ასევე, ცალმხრივი რუსული პროვოკაციები აღმოსავლეთ უკრაინაში, კონტაქტის ხაზის გასწვრივ". - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

სახელმწიფო მდივნის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ბლინკენმა და მაასმა ხაზი გაუსვეს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას ცალმხრივი რუსული პროვოკაციების წინააღმდეგ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთმა "დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ძალების გაზრდა და პროვოკაციული რიტორიკა". 

ბლინკენთან, მაასთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმტრო კულებათან საუბრის შემდეგ, ლე დრიენმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა ახსნას თავისი ჯარის გადაადგილების მოტივები, შეწყვიტოს პროვოკაციები და გამოიჩინოს დეესკალაციის ინიციატივა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, იენ საკის თქმით, აშშ მოვლენებს აკვირდება:

"რა თქმა უნდა, ახლო კავშირი გვაქვს და ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან რეგიონში, რათა შევაფასოთ, გავაზიაროთ სადაზვერვოს [ინფორმაცია], დავადგინოთ, რა ხდება... და რა შეიძლება გავაკეთოთ ამისათვის".

ამავე დღეს იეს საკიმ აღნიშნა, რომ 2014 წლის შემდეგ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე ყველაზე მეტი ჯარი ჰყავს. 

აშშ-მ თურქეთის მთავრობას შეატყობინა, რომ ის შავ ზღვაში 2 სამხედრო გემს გამოგზავნის. ეს გადაწყვეტილება აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო. რუსეთმა ამის გამო შეშფოთება გამოხატა.


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები