მე-10 მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე: ოპოზიციას მანდატების დატოვების მოთხოვნას, ალბათ, არც ახლა დავუკმაყოფილებთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ალბათ, კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილებს. 

"საბოტაჟი, ეს არის რეალური მოცემულობა მათი მხრიდან, ეს არის საბოტაჟის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება – მათ მიერ მანდატების დატოვების მცდელობა. ჩვენ ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ბერკეტი ავამოქმედეთ და არ დავუკმაყოფილეთ, ალბათ ახლაც ასე მოვიქცევით". – თქვა მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში.

3 მარტს, ოპოზიციური პარტიების საერთო შეხვედრის შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ მისი აზრით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ მანდატების შეწყვეტით მოთხოვნით.

"ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია". – თქვა ზურა ჯაფარიძემ. 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ერთხელ უკვე მიმართეს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით. 2 თებერვალს პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 

კომენტარები