პოლიტიკური კრიზისი

ოპოზიცია 15 მაისის შტაბს ქმნის

ევროპული საქართველო

ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია 15 მაისის შტაბის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"რაც შეეხება15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება 15 მაისის შტაბი. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და ვიაროთ რეგიონებში, შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს". – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრის შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ მისი აზრით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ მანდატების შეწყვეტით მოთხოვნით.

"ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია". – თქვა ზურა ჯაფარიძემ. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები