ოპოზიციის შეხვედრა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს

ევროპული საქართველო

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, ოპოზიცია შეხვედრას პირველად მართავს.

შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებზე, კრისიტიან დანიელსონის მეორე ვიზიტსა და ევროპარლამენტარების საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე იმსჯელებენ.

"ესაა პირველი შეხვედრა ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, შესაბამისად, ჩვენ გავაანალიზებთ იმას, თუ რა მდგომარეობაში ვართ დღეს. გარდა ამისა, მოვისმენთ ინფორმაციას, გავაანალიზებთ, მათ შორის, ევროპარლამენტარების და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართვებს და დავსახავთ გეგმებს. გეგმები ცნობილია, ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება... ვიმსჯელებთ რეგიონებში გასვლაზე, აქციებზე და 15 მაისის მასშტაბურ აქციაზე". – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე.

1-ელ აპრილს ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები